ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ახალგორის დე ფაქტო რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ფატიმა ფარასტაევას თავმჯდომარეობით გამოტანილი განაჩენი. მან დააკმაყოფილა მეარაყიშვილის ადვოკატის შუამდგომლობა მასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების ახალგორის პროკურატურაში დაბრუნების თაობაზე.
მოსამართლე დაეთანხმა მტკიცებას, რომ მეარაყიშვილის მიმართ საბრალდებო დასკვნა შედგენილი იყო დარღვევებით. კერძოდ, საქმეში არ იყო მითითებული ჩადენილი დანაშაულების ადგილები და გარემოებები, მეარაყიშვილის კონკრეტული ქმედებები.
დე ფაქტო პროკურატურას სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. უმაღლეს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.
ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს 2018 წლის 12 ივნისს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღება, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენება და მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ რეგიონალური განყოფილების მიმართ ცილისწამება.
თამარ მეარაყიშვილი ხშირად გამოდის ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ კრიტიკით, ამიტომ ამ საქმეების აღძვრისთანავე ის მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ და გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავდნენ. თამარ მეარაყიშვილის დასაცავად არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აიმაღლა ხმა.
მეარაყიშვილს ორი წელია, რაც დოკუმენტები ჩამორთმეული აქვს და ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების საშუალება არ ეძლევა.