Accessibility links

მოვითხოვთ მამისთვის მშობლის სტატუსის შეჩერებას - სოცმუშაკები მშობლების გარეშე დარჩენილ და-ძმას შეხვდნენ


მკვლელობის ადგილი ხაშურში

სოციალური მუშაკები დღეს პირველად შეხვდნენ 13 და 11 წლის და-ძმას, რომლებიც ხაშურში მომხდარი მკვლელობის შემდეგ მშობლების გარეშე დარჩნენ.

11 ოქტომბერს, ბავშვების დედა ნათია გოგალაძე ყოფილმა მეუღლემ ირაკლი დეკანოიძემ მოკლა. ბავშვების მამას კი ბრალი წაუყენეს და პატიმრობა შეუფარდეს. მას შემდეგ და-ძმა ბებიასთან, დედის დედასთან გადავიდა საცხოვრებლად.

სააგენტოს თანამშრომლებმა შეისწავლეს გარემო, სადაც ბავშვები ცხოვრობენ და დაიწყეს პროცედურა მათთვის მარჩენალდაკარგულის პენსიის დასანიშნად.

„დღეს ოჯახს ყველაფერი განვუმარტეთ, შესაბამისი საბუთებიც გროვდება და ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ჩვენ გვაქვს უფლება, რომ [ბავშვებს] მზრუნველად დროებით სოციალური მუშაკი დავუნიშნოთ, ეს იმისთვის, რომ მათ პენსია არ დაკარგონ. ბავშვებს დაგროვებით ანგარიშს გავუხსნით. როგორც კი მეურვე, კანონიერი წარმომადგენელი გაირკვევა, [დაგროვებული თანხა] მაშინვე გადავა მის ანგარიშზე“, - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის განყოფილების უფროსი გოჩა ბარბაქაძე.

ბავშვებზე ზრუნვის სურვილს გამოთქვამს მამის ოჯახიც, პაპა შვილიშვილების სახლში დაბრუნებას ცდილობს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება გარდაცვლილის ოჯახი.

ირაკლი დეკანოიძე 11 ოქტომბერს ხაშურში, ყოფილ მეუღლეს ნათია გოგალაძეს ქუჩაში დაესხა თავს და იარაღის კონდახით იმდენად მძიმე ტრავმები მიაყენა, რომ ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

სოციალური სააგენტო ხვალ, 17 ოქტომბერს, სასამართლოსაც მიმართავს და მამისთვის მშობლის უფლების შეჩერებას მოითხოვს. სასამართლოს გადასაწყვეტია, ირაკლი დეკანოიძეს მხოლოდ შეუჩერდება თუ ჩამოერთმევა მშობლის სტატუსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG