Accessibility links

დონალდ ტრამპი ქურთებს აკრიტიკებს და თურქეთსაც ისევ სანქციებით ემუქრება


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ანკარასთან ერთად შეეცდება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში თურქეთის სამხედრო ოპერაციით გამოწვეული პრობლემის მოგვარებას. ტრამპის თქმით, თუ მოლაპარაკება უშედეგო იქნება, თურქეთს ეკონომიკურად დამანგრეველი სანქციები ელოდება.

16 ოქტომბერს, ანკარაში გაემგზავრნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომლებიც მოლაპარაკებას გამართავენ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, 16 ოქტომბერს, თეთრ სახლში იტალიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უმჯობესია, თურქთისთვის სანქციების დაწესება, ვიდრე კონფლიქტში ამერიკელი სამხედროების ჩართვა. ტრამპმა გაიმეორა, რომ სირიელი ქურთები ანგელოზები არ არიან. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებითვე, თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიისგან“ უფრო დიდი ტერორისტული საფრთხე მოდის, ვიდრე „ისლამური სახელმწიფოსგან“.

დონალდ ტრამპმა სტრატგეგიულად ბრწყინვალე გადაწყვეტილება უწოდა სირიის ჩრდილოეთიდან ათასამდე ამერიკელი სამხედროს გაყვანას და განაცხადა, რომ მისთვის პრობლემა არ არის, თუ რუსეთი სირიას დაეხმარება.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში 9 ოქტომბერს დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.

სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად იბრძოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. თურქეთის მთავრობა კი, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული და აკრძალული ორგანიზაციის, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად.

სირიის ჩრდილოეთში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს და თავდაცვის და ენერგეტიკის სამინისტროებს.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა სირიის ჩრდილოეთიდან ათასამდე ამერიკელი სამხედროს გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის გამო, ოპონენტებმა ტრამპი დაადანაშაულეს ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG