Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის საპატრიარქო ელადის ეკლესიას უკრაინის გამო ემუქრება


მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე
მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მიანიჭა უფლებამოსილება, შეწყვიტოს ღვთისმსახურებისას ათენის და სრულიად ელადის არქიეპისკოპოს იერონიმეს მოხსენიება, თუ ის დაიწყებს „უკრაინის ეკლესიაში განხეთქილების შემტანი დაჯგუფების მეთაურის მოხსენიებას, ან სხვა ქმედებებით დაადასტურებს ამ განხეთქილების აღიარებას“.

12 ოქტომბერს, კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ ელადის ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიარა.

მოსკოვის საპატრიარქოს ინფორმაციით, ელადის ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებამ აღიარა კონსტანტინოპოლის პატრიარქის უფლება, ავტოკეფალია მიანიჭოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას.

რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრების მიერ 17 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის შემდეგ, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ლეგოიდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლოცვითი და ევქარისტიული ურთიერთობა შეწყდება ელადის ეკლესიის ყველა მღვდელმთავართან, ვინც ამა თუ იმ ფორმით აღიარებს „უკრაინის არაკანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას“.

გარდა ამისა, ლეგოიდას თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეებს არ მისცემს კურთხევას, მოილოცონ ელადის ეკლესიის ეპარქიის მონასტრები და სხვა წმინდა ადგილები.

ვლადიმირ ლეგოიდას განცხადებით, მოსკოვის საპატრიარქო ელადის ეკლესიასთან ევქარისტიული ურთიერთობების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას აკისრებს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს და იმ გარე პოლიტიკურ ძალებს, რომელთა ინტერესების გათვალისწინებით მოხდა უკრაინულ ეკლესიაში შეტანილი განხეთქილების ლეგალიზება.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია 2019 წლის იანვარში აღიარა. მანამდე, 2018 წლის დეკემბერში, კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიაკუთვნეს. მოსკოვის და სრულიად რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას კვლავ თავის ნაწილად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG