Accessibility links

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება "სასიამოვნო მოულოდნელობაა"


„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის დასაბრუნებლად ხანგრძლივი და მძიმე გზის გავლას იწყებენ.

ჯარჯი აქიმიძემ „სასიამოვნო მოულოდნელობა“ უწოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მათი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაყადაღების შესახებ.

ტელეკომპანიის დამფუძნებლები სწორედ 60%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვენ ამჟამინდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისგან. მათ სასამართლოს 17 ოქტომბერს მიმართეს. 21 ოქტომბერს სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანიის 60%-იანი წილი დააყადაღა.

„ჩვენ მეტზე პრეტენზია ვერ გვექნება, რადგან მეტი არ გვეკუთვნის“, - უთხრა ჟურნალისტებს ჯარჯი აქიმიძემ. მისი განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის, რადგან საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ტელეკომპანიის მფლობელი სასამართლო დავის დასრულებამდე წილებს ვერ გაასხვისებს.

ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ იჩივლეს სასამართლოში 2019 წლამდე, ანუ ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის დაბრუნებამდე, აქიმიძემ უპასუხა: „სამწუხაროდ, 2019 წლამდე ჩვენ კახა კოჟორიძეს არ ვიცნობდით და ის არ იცნობდა ამ საქმეს“. სასამართლოში ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელების ინტერესებს იურისტი კახა კოჟორიძე იცავს.

ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, კონსულტაციები მანამდეც ჰქონდათ და 2012 წელს უთხრეს, რომ ყველაზე მოკლე და რეალური გზა იყო პროკურატურაში ჩივილი, თუმცა შვიდი წლის განმავლობაში პროკურატურაში სამართალი ვერ იპოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა „რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებელმა დავით დვალმა. მისი განცხადებით, სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღება იმას ნიშნავს, რომ არსებითი განხილვა გაიმართება. დვალის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია 60%-იანი წილის დაყადაღების გადაწყვეტილებაც, რადგან ქიბარ ხალვაშმა დაახლოებით თვე-ნახევრის წინ თქვა, რომ წილების გასხვისებას აპირებს.

„ბრძოლა იწყება ეხლა. მთავარი ბრძოლა შინაარსობრივ ნაწილზე გაიმართება ეხლა. ვნახოთ, რა იქნება. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ყველა ინსტანციაში“, - უთხრა ჟურნალისტებს დავით დვალმა.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2019 წლის ზაფხულში დაიბრუნა.

მას შემდეგ, რაც 18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი, საქართველოში აღსრულდა ხალვაშის სასარგებლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება. 30 ივლისს, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს შესთავაზა 40%-იანი წილი, რომელზეც მათ უარი თქვეს.

დვალი და აქიმიძე აცხადებენ, რომ 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის წილები იძულებით დაათმობინა. იმავე წელს ტელეკომპანიის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში, რომელიც ირწმუნება, რომ „რუსთავი 2“ იძულებით შეაძენინეს და 2006 წელსაც იძულებით დაათმობინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG