Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს: „არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ“


„კონიაკის ნებისმიერი მოყვარული გეტყვით, რომ 20 წლის დაძველებით კონიაკი უფრო კარგია, ვიდრე 3 წლის დაძველებით. არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ, ბატონო ლევან, იმისთვის, რომ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც, ფაქტობრივად, კანცელარიაში გაქვთ გატარებული ბევრი წელი, კლანის რომელიმე მოსამართლის თანაშემწედ“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს, რომელსაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

ლევან გოგიჩაიშვილის სიტყვებით, 2019 წელს, როდესაც ქვეყანაში სხვა თავისუფლება და სხვა პირობებია შექმნილი, ლევან მიქაბერიძე ვერ აღიარებს, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო იყო სახელისუფლებო გავლენების ქვეშ მოქცეული:

„ახალგაზრდა კაცი ხარ, იმ რეჟიმში არ გიმსახურია, საბუთები მიგქონდა და მოგქონდა. ლექციებს უკითხავ სტუდენტებს, სტუდენტმა რომ გკითხოს, როგორ შეიძლება, რომ ქვეყანაში „კასტილიანი“ კაცი აუპატიურებდეს ადამიანს მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ და პარალელურად, სასამართლო იყო დამოუკიდებელი და ადამიანის უფლებები დაცულიაო? ხომ ვერანაირად ვერ აუხსნით ამას? როგორ შეიძლება, რომ იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, არსებობდეს 10 ათასობით საათი პირადი ცხოვრების ჩანაწერების? ეძინათ ამ მოსამართლეებს, როდესაც ასეთი ჩანაწერები კეთდებოდა, თუ საერთოდ არ არსებობდა სასამართლო კონტროლი მსგავს ჩანაწერებზე?“

ლევან გოგიჩაიშვილმა ლევან მიქაბერიძეს „თბილავიამშენის“ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეახსენა და თქვა, რომ 2017 წელს მან გავლენიანი ჯგუფების ინტერესების დამცველი გადაწყვეტილება მიიღო. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ამ ჯგუფებს შორის, სავარაუდოდ, იკვეთებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ინტერესიც:

„არ მჯერა, როდესაც ერთ დღეს 21 ადამიანი გაიღვიძებს ენთუზიაზმით, დალაგდებიან და კვირა დღეს მივარდებიან ეკონომიკის სამინისტროში, ქონება უნდა გადმოგიფორმოთ, იმიტომ, რომ არაფერი არ გამოგვივიდაო. ასეთი რამ არ ხდება. მაგრამ გამიგია ბევრი ადამიანი ყურით მიყვანილი და დაშინებული. თქვენი არჩევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ უნდა იყოს მიზანშეწონილი“.

შეგახსენებთ, 2017 წლის 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სს „თბილავიამშენის“ ყოფილი აქციონერების სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს იმ გარიგებების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომელთა საფუძველზეც შპს „თბილავიამშენის“ პარტნიორებმა 100% წილი, ხოლო სს „თამ თბილავიამშენის“ 22-მა აქციონერმა კუთვნილი აქციები სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმეს.

ლევან მიქაბერიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა 23 სექტემბრიდან დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 6 სექტემბერს წარდგენილი კანდიდატების მოსმენა. სულ წარდგენილია 20 კანდიდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG