Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანისა და ინდოეთის ჯარებს შორის სროლას სულ მცირე 10 პირი ემსხვერპლა საზღვარზე


სულ მცირე, შვიდი სამოქალაქო პირი და სამი სამხედრო დაიღუპნენ საზღვრის გასწვრივ სროლაში პაკისტანისა და ინდოეთის ჯარებს შორის, 19-დან 20 ოქტომბრის ღამეს. როგორც იუწყებიან, ეს იყო ყველაზე სისხლიანი დღე იყო მას შემდეგ, რაც ინდოეთმა აგვისტოში საგანგებო სტატუსი მოუხსნა ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირს.

სხვადასხვა მხარე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს, რაც მოწმობს, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს.

პაკისტანის არმიის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა ასიფ ღაფურმა 20 ოქტომბერს ტვიტერზე დაწერა, რომ დე ფაქტო კონტროლის ხაზთან "პროვოცირების გარეშე" ცეცხლი გაიხსნა ინდოეთის მხრიდან და განაცხადა, რომ სროლა გამიზნულად მიემართებოდა სამოქალაქო პირებს. "ექვსი სამოქალაქო პირი და ერთი სამხედრო დაიღუპა ამის შედეგად პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში", - უთხრა პაკისტანის არმიამ სააგენტო ფრანს-პრესს. ღაფურმა დასძინა, რომ დაიჭრნენ კიდევ ორი პაკისტანელი სამხედრო და ხუთი სამოქალაქო პირი. ღაფურის თქმით, პაკისტანის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რასაც ცხრა ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ "რამდენიმე" ჯარისკაცი. ამავე წყაროს ცნობით, "განადგურდა" ინდოეთის ორი ბუნკერი.

მაგრამ ინდოეთიდან სხვა ინფორმაცია ვრცელდება. ინდოეთის პოლიციის და არმიის მაღალჩინოსნებმა სააგენტოებს, როიტერსსა და ასოშიეიტედ პრესს უთხრეს, რომ პაკისტანელმა სამხედროებმა მიზანში ამოიღეს ინდოეთის სასაზღვრო პოსტი და სამოქალაქო პირებით დასახლებული ადგილი, რასაც ერთი სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი შეეწირა. ინდოეთის არმიის პრესმდივნის თქმით, ინდოეთის ორი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ და სამი დაიჭრა კუპვარას მთიან რეგიონში, "პაკისტანის მიერ პროვოცირების გარეშე გახსნილი ცეცხლის შედეგად".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG