Accessibility links

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა


ივანიშვილ-გახარიას ყურმოჭრილი მონები არიან მოსამართლეებიც და პროკურორებიც. ძალა ერთობაში კი არა, ძალა მონობაშია, - ასე გამოეხმაურა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა რუსუდან თამლიანი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაუტოვა.

რუსუდან თამლიანის განცხადებით, მის შვილს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

„ჩემი შვილი წარმოადგენს საფრთხეს? გახარია და ივანიშვილი წარმოადგენს ქვეყნისთვის საფრთხეს! ჩემი შვილი გულანთებული ქართველია, ქვეყნის სიყვარულისთვის ისჯება!

ვითხოვ, ჩემ შვილს გამამართლებელი განაჩენიც გამოუტანონ და დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭონ, ვინაიდან ჩემი შვილი ბორკილდადებული უმოწყალოდ სცემეს“, - განაცხადა თამლიანმა.

20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე ცოტნიაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია, კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. ამავე საქმეზე ბრალდებულია ლევან ჯიქური, რომელიც გასულ სხდომაზე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართული აქციის საქმეზე სულ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი. მათ წინააღმდეგ საქმეები აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ეხება.

სისხლის სამართლის საქმის საფუძველი გახდა აქციის მონაწილეთა მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

სამართალდამცავების მიერ აქციის დაშლისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG