საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო იფიქრებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის „სხვა სტრუქტურის“ შექმნაზე, თუ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ წლის ბოლომდე ვერ შეასრულებს საინვესტიციო ვალდებულებებს.
„ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და კიდევ ერთი შანსი მისცა ინვესტორს - წლის ბოლომდე გადავავადეთ მასთან ხელშეკრულების მოშლა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ინვესტორი იქნება კონცენტრირებული ვალდებულებების შესრულებაზე“, - თქვა ნათია თურნავამ საწარმო „რუსთავის აზოტში“, სადაც 9 მეგავატი სიმძლავრის კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნას დაესწრო.
ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ანაკლიის პორტი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, როგორც სახელმწიფოს და კერძო ინვესტორის სტრუქტურული თანამშრომლობის პროექტი. „ჩვენი პრიორიტეტია, რომ კერძო ინვესტორმა წვლილი შეიტანოს ანაკლიის პორტის განვითარებაში, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის [ანაკლიის პორტი], რომ მიუხედავად კერძო ინვესტორის პრობლემებისა, ამ პროექტს მაინც განვახორციელებთ“, - განაცხადა თურნავამ.