Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ იაპონიაში განიხილა ინფრასტრუქტურული პროექტები


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიწყო ოთხდღიანი ვიზიტი იაპონიაში, რომლის დროსაც ის მონაწილეობას მიიღებს იმპერატორ ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიაში.

ტოკიოში, იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბესთან შეხვედრისას, ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის გაწეული დახმარებისთვის, - იუწყება ზელენსკის ოფისი 21 ოქტომბერს. ამავე ცნობით, ლიდერებმა განიხილეს იაპონიის ინვესტიციები უკრაინის ინფრასტრუქტურულ პროექტებში. განცხადების თანახმად, 2014 წლის შემდეგ იაპონიის მიერ კიევისთვის გაწეული ფინანსური დახმარების მოცულობა 1,8 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

შეხვედრაზე ზელენსკიმ ასევე წამოჭრა უკრაინელებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების წინ. 2017 წელს იაპონიამ უკვე შეამსუბუქა სავიზო რეჟიმი უკრაინელებისთვის.

თავისი ვიზიტის დროს, რომელიც 24 ოქტომბრამდე გასტანს, უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს იაპონიის ორი საკანონმდებლო პალატის ლიდერებთან, უკრაინასთან საპარლამენტო მეგობრობის ასოციაციის წევრებთან, იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მენეჯმენტთან, იაპონიის ახალი ეკონომიკის ასოციაციის წარმომადგენლებსა და ბიზნესმენებთან. ზელენსკი ასევე გეგმავს ორმხრივი შეხვედრების გამართვას სხვა ქვეყნების ლიდერებთან, რომლებიც 22 ოქტომბერს იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG