Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი უარს ამბობს სირიაში თურქეთის სამხედრო პუნქტების დაარსებაზე


ირანი უარს აცხადებს თურქეთის სამხედრო პუნქტების დაარსებაზე სირიის ტერიტორიაზე და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრები დაცულ უნდა იქნეს.

სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აბას მოსავიმ თქვა, რომ სირიასა და თურქეთს შორის საკითხები დიპლომატიური გზებით უნდა გადაიჭრას. "ჩვენ ვეწინააღმდეგებით ანკარის მიერ სირიაში სამხედრო პუნქტების შექმნას. ... სირიის მთლიანობა დაცულ უნდა იქნეს", - თქვა მან.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გასულ კვირაში თანხმობა განაცხადა, დროებით შეეჩერებინა ბრძოლა, რათა ქურთთა ძალებს საშუალება მისცემოდათ დაეტოვებინათ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ის ადგილები, რომლებსაც თურქეთი უტევს, იქიდან ქურთთა ძალების განდევნის მიზნით. პაუზის ვადა 22 ოქტომბერს იწურება, სირიელი ქურთების გასამხედროებული ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან გავიდნენ სასაზღვრო არეალიდან, თუკი თურქეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები ქურთთა დარჩენილ დანაყოფებს და სამოქალაქო პირებს ქალაქის დატოვების უფლებას მისცემენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ანკარას სურს "არცერთი ქურთი ექსტრემისტი" არ დარჩეს თურქეთის მიერ დაგეგმილ "უსაფრთხო ზონებში". მან დასძინა, რომ თურქეთი მოლაპარაკებას გამართავს რუსეთთან - რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერია - და განიხილავს ქურთი მეომრების განდევნას სირიის მანბიჯის და ქობანის რეგიონებიდან.

ერდოანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, 22 ოქტომბერს, სოჭში შეხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG