Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურმა გამოააშკარავა ეფესბეს აგენტების ქსელი


ჩეხეთის უსაფრთხოების და ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელი, მიხაილ კუდელკა აცხადებს, რომ მისმა უწყებამ 2018 წელს გამოააშკარავა ეფესბეს მიერ შექმნილი რუსეთის აგენტების ქსელი, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობდა. აგენტებს კიბერთავდასხმები უნდა განეხორციელებინათ ჩეხეთსა და მის პარტნიორ სახელმწიფოებში არსებულ სამიზნეებზე.

კუდელკას თქმით, ქსელი ფინანსდებოდა პირდაპირ რუსეთიდან და რუსეთის საელჩოს მიერ.

ჟურნალ Respekt-ის მონაცემებით, ქსელი მოიცავდა რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს და კიდევ რამდენიმე რუსს, რომლებსაც ჩეხეთის მოქალაქეობა ჰქონდათ მიღებული. მათ დავალებული ჰქონდათ პრაღაში მუშაობა ორი კერძო ფირმის საფარველქვეშ, რომლებიც თითქოს პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებდნენ და კომპიუტერებს ყიდდნენ. სინამდვილეში, წერს ჟურნალი, ფირმის თანამშრომლების მოვალეობა კიბერთავდასხმები იყო.

პრაღაში რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ აგენტების ქსელის გამოააშკარავების შესახებ ცნობას "არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან".

ჩეხი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი, ავტორი წიგნისა "პუტინის აგენტები. როგორ იპარავენ რუსეთის ჯაშუშები ჩვენს საიდუმლოებს" 2018 წელს აცხადებდა: "ჩეხეთში, საელჩოში სულ 120-მდე ადამიანი მუშაობს და, ჩვენი სამსახურების ვარაუდით, მათი მინიმუმ მესამედი საიდუმლო აგენტია".

რუსეთი ბევრჯერ დაუდანაშაულებიათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ხელისუფლების სერვერებზე ჰაკერულ თავდასხმებში.

XS
SM
MD
LG