Accessibility links

ახალი ამბები

პუტინი სამიტს უმასპინძლებს, აფრიკაზე გავლენის გაზრდის სურვილის ფონზე

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიმდინარე კვირაში შავი ზღვის კურორტ სოჭში მნიშვნელოვან სამიტს უმასპინძლებს, იმ ფონზე, როცა ის ესწრაფვის სხვა წამყვან ქვეყნებს გაუსწროს აფრიკაზე გავლენის მოპოვებაში.

რუსეთ-აფრიკის სამიტი 23-24 ოქტომბერს გაიმართება, აფრიკის ქვეყნების 47 ლიდერის მონაწილეობით. სამიტი ემთხვევა პერიოდს, როცა რუსეთის მეტოქე სახელმწიფოები, აშშ, ინდოეთი, თურქეთი და ჩინეთი ასევე ცდილობენ გავლენის მოპოვებას, რადგან იზრდება კონტინენტის მნიშვნელობა - როგორც ინოვაციათა ცენტრის, ასევე მოსახლეობის ზრდის და მომხმარებელთა მზარდი ბაზის თვალსაზრისით.

სახელმწიფო სააგენტო "ტასისთვის" სამიტამდე მიცემულ ინტერვიუში, პუტინმა გაამხილა თავისი სტუმრებისთვის სათქმელი გზავნილის ნაწილი. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან აფრიკისთვის გაწეული დახმარება ან სესხები დაეფუძნება პრინციპს "აფრიკული გადაწყვეტა აფრიკის პრობლემებს", ნაცვლად იმისა, რომ უცხოეთიდან იქნეს თავსმოხვეული სამიზნეები თუ წინაპირობები. "ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის ბევრი ქვეყანა მიმართავს აფრიკის სუვერენულ მთავრობებზე ზეწოლას, დაშინებას და შანტაჟს", - უთხრა პუტინმა "ტასს", მისი თქმით, აფრიკაში ყოფილ კოლონიურ ძალებზე მინიშნებით.

ყველა ახალი ამბავი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახის წერილი გადასცა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) წარმომადგენლებმა ცხინვალის ციხეში მოინახულეს ვაჟა გაფრინდაშვილი. შეხვედრა 18 ნოემბერს, 14:00 საათზე შედგა. გავრცელებული ცნობით, მას გადაეცა ოჯახის წერილი, რომელსაც წერილობითვე უპასუხა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ორგანიზაციას 14 ნოემბერს დაუკავშირდა:

„მოქმედებდა რა საკუთარი საერთაშორისო ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, წჯსკ-მ მოითხოვა ციხეში მისი მონახულების შესაძლებლობა. წჯსკ დელეგატებმა ბ-ნი გაფრინდაშვილი დღეს მოინახულეს“.

ვიზიტის შესახებ წითელმა ჯვარმა უკვე აცნობა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს.

წჯსკ-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში განმარტებულია, რომ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ორგანიზაციის ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და „ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან, დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“.

გიორგი კეკელიძე: თავის შესაფარებლად ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღიაა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე რუსთაველზე მიმდინარე აქციის პარალელურად განცხადებას ავრცელებს და აქციის დაშლისას დაზარალებულებს თავის შესაფარებლად ბიბლიოთეკის შენობას სთავაზობს.

"აქციის დაშლისას (თუკი ეს მოხდება) ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება. მე ახლა იქ ვარ, ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ახლოს არის მოვლენების ეპიცენტრთან. და ჩემთვის სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი შეხედულებისა. და იქ სადაც წიგნები ინახება, ადამიანების ადგილიც არის", - წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუკის პირად გვერდზე.

რუსთაველის გამზირზე, სპეცდანიშნულების რაზმი შლის აქციას, რომელიც პარლამენტთან მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პარლამენტში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო წესის ცვლილებას და მაჟორიტარული წესიდან პროპორციულზე გადასვლას ისახავდა მიზნად.

აქციის დარბევისას დააკავეს რამდენიმე პოლიტიკოსი და აქტივისტი, მათ შორის - ზურაბ ჯაფარიძე, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. რუსთაველზე ამ დრომდე რჩებიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები.

სპეცრაზმმა ოპერაცია დაასრულა, რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილს დასუფთავების სამსახური ალაგებს

რუსთაველის გამზირს, პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ალაგებენ. ისინი იქ დაუყოვნებლივ გამოჩნდნენ მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა ტერიტორია წყლის ჭავლის გამოყენებით გაწმინდა.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის ოთხივე შესასვლელი გაათავისუფლა.

პარლამენტის შენობის წინ, პარლამენტის კიბეებსა და ტროტუარზე საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან.

სპეცრაზმი რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილს ათავისუფლებს

პარლამენტთან სპეცრაზმი გზის სავალ ნაწილს ათავისუფლებს. რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ გაშლილი კარვები აღარ დგას. სპეცოპერაცია პარლამენტთან მიმდინარეობს სკანდირების ფონზე "სირცხვილია". აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებენ.

სპეცრაზმს 4-დან პარლამენტის მხოლოდ ერთი, 9 აპრილის ქუჩის მხარეს არსებული შესასვლელი დარჩა პიკეტირებისგან გასათავისუფლებელი.


სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის მეორე შესასვლელთანაც გაუშვა წყლის ჭავლი

სპეცრაზმი წყლის ჭავლის მანქანით პარლამენტის მეორე შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ცდილობს აქციის მონაწილეების დაშლას.

პარლამენტის უკანა შესასვლელის პიკეტი, ზუბალაშვილების ქუჩაზე, უკვე მოხსნილია.

სპეცრაზმი ოპერაციას განაგრძობს სპეციალური ხმოვანი შეტყობინების ფონზე და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს.

პოლიციამ დააკავა ზურაბ ჯაფარიძე, ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი

პარლამენტთან, სადაც პოლიცია მომიტინგეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

დაკავებულები არიან: „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ სირაძე, აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, ადვოკატი ბექა ბასილაია, ლევან ნოზაძე, ირაკლი ფავლენიშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი და რეზი ნიჟარაძე.

პარლამენტთან წყლის ჭავლი გაუშვეს

სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან წყლის ჭავლი გაუშვა. შსს-ს წარმომომადგენელი ხმოვანი სიგნალით აფრთხილებს აქციის მონაწილეებს, დატოვონ მიმდებარე ტერიტორია.

აქციის მონაწილეები პროტესტს განაგრძობენ. ისინი ჯერჯერობით არ იშლებიან.

აქციის მონაწილეები და სპეცრაზმელები ერთმანეთის პირისპირ დგანან

პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები და სპეცრაზმელები ერთმანეთის პირისპირ დგანან.

რამდენიმე წუთის წინ მოძრაობამ "სირცხვილია" მიმართვა გაავრცელა, სადაც მომხრეებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებენ:

"ამ წუთებში ქართული პოლიცია ემზადება ლეგიტიმური საზოგადოებრივი წინააღმდეგობის იძულებით დარბევისთვის! მოვუწოდებთ მათ, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანება! ჩვენ მშვიდობით ვიცავთ საქართველოს დასავლურ მომავალს!".

ვერც ერთი ოპოზიციონერი კანდიდატი ვერ მოხვდა ბელორუსის პარლამენტში

ერთ-ერთი საარჩევნო უბანი

ბელორუსში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ვერ ერთი ოპოზიციონერი კანდიდატი ვერ ხვდება საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში.

როგორც ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური, ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატაში ხვდება ხუთი პოლიტიკური ძალა, რომლებიც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს უპირობო მხარდამჭერები არიან.

წინა მოწვევის ქვედა პალატაში იყო ორი ოპოზიციონერი დეპუტატი - ანა კანოპაცკაია „გაერთიანებული სამოქალაქო პარტიიდან“ და ელენა ანისიმი „ბელორუსული ენის საზოგადოებიდან“.

ამჯერად ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი ხელისუფლებამ რეგისტრაციის პროცესში ჩამოაშორა წინასაარჩევნო კამპანიას.

17 ნოემბერს ბელორუსში გაიმართა არჩევნები, რომელზეც ქვედა პალატის 110 დეპუტატი უნდა აერჩიათ. დეპუტატების მანდატებისთვის იბრძოდა დაახლოებით 500 კანდიდატი. ცენტრალური საარჩევნო კომიიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტიურობამ 77% შეადგინა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უკვე გაავრცელეს განცხადებები არჩევნების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე, შანტაჟსა და მანიპულაციებზე.

"გონივრული ვადის" გასვლის შემდეგ შსს "შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილეს და მისცეს გონივრული ვადა, ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები.

უკვე მეორე დღეა, პარლამენტთან შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა
მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. გარდა ამისა, პოლიტიკური ლიდერები განაგრძობდნენ მხარდამჭერების ღიად მოწოდებას საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელის შეშლისკენ. გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი,
რომლის თანახმად აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის თანახმად, ასევე დაუშვებელია
ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა.

პოლიციის თანამშრომლებისა და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ აქციის ორგანიზატორებისთვის მიცემული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლება არ მოხდება, ასევე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე და რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს, შეუძლიათ გადაადგილდნენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით".

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ გამოიყენოს ძალა

არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ:

"სახელმწიფოში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

უარი თქვას აქციის მონაწილეთა მიმართებით ძალის გამოყენების ნებისმიერ ფორმასა და სიტუაციის ესკალაციაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სრული პოლიტიკური დესტაბილიზაცია და მოვლენათა შემდგომი განვითარება ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა მოაქციოს.

საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებების შესაბამისად იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში დემოკრატიული პრინციპების მიხედვით, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით. მიიღოს პრევენციული ზომები სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების ყოველგვარი რისკის გასანეიტრალებლად.

იმოქმედოს პოლიტიკური ანგარიშვალდებულების შესაბამისად, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და მათი ჩართულობით უზრუნველყოფით დაიწყოს მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად".

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

ნიკა გვარამია ავრცელებს ინფორმაციას გიორგი რურუას დაკავების შესახებ

„მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია ავრცელებს ინფორმაციას ფეისბუკის პირად გვერდზე, რომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა დააკავეს.

„ჩვენი დამფუძნებელი Giorgi Rurua ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით“, - წერს ნიკა გვარამია.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით გიორგი რურუა დაახლოებით დღის პირველ საათზე დააკავეს, როდესაც ავტომობილით სახლის მიმართულებით მიდიოდა და ახლა დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი.

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს 30 წუთი მისცა შესასვლელების გასათავისუფლებლად. პარლამენტის გარშემო მობილიზებულია სპეცრაზმი.

რუსეთმა დაუბრუნა უკრაინას სამი შეპყრობილი ხომალდი

კატარღებმა „ნიკოპოლმა“, „ბერდიანსკმა“ და ბუქსირმა „იან კაპმა“ შინისაკენ აიღეს გეზი, - იუწყებიან უკრაინული გამოცემები ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების პრესცენტრზე დაყრდნობით.

"18 ნოემბერს დაიწყო უკრაინული კატარღების დაბრუნების პროცესი. ისინი მოემართებიან კონტინენტური უკრაინისკენ“, - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

რუსეთის მხარემაც დაადასტურა, რომ გადასცა უკრაინას ხომალდები, რომლებიც ქერჩის სრუტეში 2018 წლის ნოემბერში ძალის გამოყენებით დააკავეს რუსეთის საზღვრის დარღვევის მიზეზით.

2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის მესაზღვრეებმა ძალის გამოყენებით ხელში ჩაიგდეს უკრაინის სამხედრო ხომალდები, რომლებიც ქერჩის სრუტით აზოვის ზღვაში შესვლას ცდილობდნენ. დააკავეს გემების ეკიპაჟი - უკრაინის 24 სამხედრო მოსამსახურე.

მეზღვაურებს ბრალად დასდეს რუსეთის კანონების დარღვევა და ცხრა თვის შემდეგ გაცვალეს უკრაინის მიერ დაპატიმრებულ რუსეთის მოქალაქეებში.

ისინი სექტემბერში გაათავისუფლეს, რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების დიდი გაცვლის ფარგლებში.

შსს-ს წარმომადგენელი: 30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პარლამენტთან მყოფ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს შესაბამისად.

„პარლამენტის შესასვლელები არის ბლოკირებული. პარლამენტს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. შესაბამისად, მოვუწოდებთ, რომ აღნიშნული ბარიკადები, კარვები გაიტანონ, გაათავისუფლონ მიმდებარე ტერიტორია, რაც მათი მხრიდან არის კანონდარღვევა. 30 წუთს ვაძლევთ გონივრულ ვადას. 30 წუთის გასვლის შემდგომ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად. შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს პოლიცია“, - ამბობს შსს-ს წარმომადგენელი.

რამდენიმე საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა განაცხადა: „კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოს ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას“.

სპეცრაზმი იწყებს მზადებას პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების მოსახსნელად

სპეცრაზმი იწყებს მზადებას პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების მოსახსნელად. პარლამენტის ოთხივე შესასვლელი ოპოზიციის საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ 17 ნოემბერს ჩაიხერგა.

პარლამენტის ბლოკირების შედეგად დღეს დეპუტატებმა ვერ შეძლეს რეგიონული მართვისა და თვითმმართველობისა კომიტეტის სხდომისა და ბიუროს სხდომის გამართვა.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ტერიტორიის გასათავისუფლებლად.

ექვსი კაცი დაიღუპა ირანში, სადაც დაძაბულობა გრძელდება

ირანში კვლავ დაძაბული რჩება ვითარება მას შემდეგ, რაც საწვავზე ფასების მკვეთრ ზრდას ქვეყნის მასშტაბით მრავალი სპონტანური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ქვეყნის მასშტაბით გათიშულია ინტერნეტი, რის გამოც ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ხდება 18 ნოემბერს. ირანის ხელისუფლების ცნობით, შეტაკებებში დაიღუპა ექვსი კაცი, მათგან სამი დემონსტრანტი და სამი სამართალდამცველია. თუმცა, არაოფიციალური წყაროების ვარაუდით, დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

რამდენიმე ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელში მოყვარულმა მომხმარებლებმა ატვირთეს, ჩანს, თუ როგორ იყენებდნენ ირანის უსაფრთხოების ძალები იარაღს დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ირანის ხელისუფლებამ გაავრცელა გაფრთხილება მოსალოდნელი სასტიკი რეაქციის შესახებ იმ საპროტესტო ტალღაზე, რამაც ქვეყანაში იფეთქა 15 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც თეირანმა შეზღუდვა დააწესა ბენზინის შეძენაზე და შეამცირა საწვავის სუბსიდირება აშშ-ის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების შემდეგ, რაც მძიმედ აისახება ირანის ეკონომიკაზე.

დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენება დაგმო თეთრმა სახლმა, რომლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი "მხარს უჭერს ხალხის მოთხოვნებს".

შოთა დიღმელაშვილი: კანონის კითხვა ვისაც შეეძლო, ყველა წავიდა ამ მთავრობიდან

„ვნახეთ ბევრი ბრიფინგი. იყო სასაცილო ბრიფინგები, იყო სატირალი ბრიფინგები და იყო ბრიფინგები, რომლებიც უბრალოდ უნდა დავიკიდოთ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომელთა მიზანი, მისი აზრით, მოქალაქეების შეშინებაა:

„ყველა ეს განცხადება არის გაკეთებული იმისთვის, რომ მოქალაქეები შეგაშინოთ, კუნთები აათამაშონ“.

„სასაცილო ბრიფინგების“ ნაწილში მან შსს-ს ბრიფინგებზე გაამახვილა ყურადღება და, კერძოდ, საპატრულო სამსახურის უფროსის, ვაჟა სირაძის 17 ნოემბრის ბრიფინგზე, რომელზეც მან მომიტინგეთა რაოდენობა შეაჯამა. შოთა დიღმელაშვილი მას პასუხობს: „ჩვენ ამ რიცხვებზე არ ვწვრილმანდებით. სამნიც რომ ვყოფილიყავით, ესეც მნიშვნელოვანი იქნებოდა. მთავარია, რისთვის ვდგავართ, მაგრამ უკაცრავად, რომ ძალიან ავტორიტეტულ მედიებს უფრო უნდა ენდოს ხალხი, ვიდრე თქვენ“.

მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შსს-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს:

„სამწუხაროა, რომ თვითონ შსს გამოდგა დეზინფორმატორი და გაავრცელეს ამბავი, თითქოს აქ ვიღაც ლამობდეს შტურმით აღებას პარლამენტის. თუ ასე იქნებოდა, სულელები ვართ? რატომ დაადებდნენ პოლიტიკური პარტიები ბოქლომს ჭიშკარს და გასაღებს გადააგდებდნენ გუშინ ხალხში?“

შოთა დიღმელაშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებას:

„თუ აქ მყოფებს არა აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, მაშინ რაღატომ გვეწინააღმდეგებით? დანიშნეთ არჩევნები და მოიგებთ! არალოგიკურია, ხო, ბატონო კახი?!“

აქციის თანაორგანიზატორმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი განცხადებებისთვის.

შოთა დიღმელაშვილი „მტკნარ ტყუილს“ უწოდებს ე.წ. გერმანული მოდელის არაკონსტიტუციურად შეფასებას:

„თუ ხელისუფლება ამბობს, რომ მოიგებდა ნებისმიერი ტიპის არჩევნებს, მაშინ მით უმეტეს უნდა მოიგოს ამ „გერმანული მოდელით“. კეთილი ინებოს და დანიშნოს არჩევნები, რომელსაც დაგვპირდა და დაპირდა საერთაშორისო საზოგადოებას გაეროს ტრიბუნიდანაც კი. პრეზიდენტმაც ყური გამოიფხიკოს, მარტო ატმის საკრეფად არ დაგვინიშნავს იქ“.

ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად გათავისუფლებას არ მოელიან

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ინფორმირებულმა წყარომ: „მოვიკითხე ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავი. მან თქვა, რომ წინასწარ განზრახვით გააკეთა ეს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. მან სწორედ ეს დაწერა განმარტებაში. დანარჩენი ყველაფერი ნორმალურადაა, მას არავინ ეხება. როგორც გავარკვიეთ, კარგი და ცნობილი ექიმია, მაგრამ არ გვესმის, რას მიძვრებოდა პოლიტიკაში. ალბათ, 2-3 კვირაში გამოუშვებენ, უფრო ადრე არ მგონია“.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში იმედი აქვთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხერხდება. ამის შესახებ 17 ნოემბერს განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.

ხვალ, 19 ნოემბერს, ცხინვალში ჩადიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ექიმის გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრებენ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში მიდიოდა იქაური პაციენტების დასახმარებლად, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ცხინვალის იზოლატორიდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც.

რიჟვაძე: ჩემს 2 წლის შვილს მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ''ნაციონალურ მოძრაობას'' აჭარაში

თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების რაოდენობა აჭარაში კარგად გამოჩნდა აქციაზე, რომელიც ბათუმში 17 ნოემბერს გაიმართა.

"ჩემს 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობას“ აჭარაში. ​ეს გუშინდელ აქციაზეც გამოჩნდა.

რაც შეეხება ზოგადად ამ საკითხს, სამწუხაროა, რომ ინიციატივამ, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა მხარს უჭერდა, შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, აჭარის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ არჩევნები 2020 წელს შერეული სისტემით ჩატარდება:

„2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, მაგრამ თქვენ იცით, რომ კონსტიტუციით ვალდებულები ვართ, 2024 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩავატაროთ. რაც შეეხება აჭარის კონტექსტს, ჩვენი რეგიონი არის ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შესაბამისობაში ქვეყანაში ეროვნულ დონეზე არსებულ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ლოგიკასთან“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მეხუთე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.

მამუკა მდინარაძე: პროტესტი უნდა დარჩეს კანონის ჩარჩოში

„პროტესტი უნდა დარჩეს კანონის ფარგლებში“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

„პარლამენტის ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს უნდა უზრუნველყონ, უნდა აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა, უნდა ჩატარდეს ბიუროს სხდომა და უნდა გაგრძელდეს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირებაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში ბიუროს სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული.

პარლამენტის შესასვლელებთან კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება.

აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნებასა“ და მის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებენ.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნებით.

ნიკა მელია: "ქართულ ოცნებას" დათმობა მოუწევს

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას არ სჯერა „ქართული ოცნების“ განცხადების, რომ იგი არ აპირებს განიხილოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ახალი ინიციატივა. კახა კალაძის პასუხად ნიკა მელია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს ისეთივე მტკიცე გადაწყვეტილებაა, როგორიც იყო გადაწყვეტილებები პროპორციული არჩევნებისა და იმის შესახებ, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას არ დატოვებდა:

„ხო მოუწიათ დათმობა. მართალია, მერე ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში, ლანდშაფტში იყო მოსაზრება გაბატონებული, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილნი, რომ არ წაიღოს პროპორციული არჩევნები უკანო. მიიჩნიეს ეს როგორც მთავარ მონაპოვრად და ამიტომ, რეალურად, ის მუხტი, რომელიც საჭირო იყო [რათა] ხორცშესხმულიყო პროპორციული არჩევნები, მეტ-ნაკლებად ჩაკვდა იმ დროისთვის.

მე პირადად ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ თავის სიტყვებს უკან წაიღებდა. ასე რომ, სიმტკიცე იქ, სადაც არის ეროვნული პროტესტი, ხელისუფლებაში არასოდეს არ არსებობს და კალაძე იქნება, ივანიშვილი თუ მელია, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, მერწმუნეთ, ძალიან ინერვიულებდა. ძალიან, რბილად რომ ვთქვათ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკა მელიამ. იგი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას მოუწევს თავისი სიტყვების უკან წაღება, ხალხისთვის ანგარიშის გაწევა და ოპოზიციის მიერ დაყენებული მოთხოვნების შესრულება:

„ხელისუფლებას არ დარჩა არც ერთი პოლიტიკური პარტნიორი ქვეყნის შიგნით და არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც მას აღიქვამს სერიოზულად, აღარ დარჩა და ამას გრძნობს ხელისუფლება. იცის, რომ სიმართლე, მათ შორის, მორალური უპირატესობა, პოლიტიკური უპირატესობა არის ჩვენს მხარეს. იცის, რომ ნებისმიერი არასწორი გადადგმული ნაბიჯი კიდევ უფრო მძიმედ შეუტრიალდება ივანიშვილს და ის თოვლის გუნდა, რომელიც ახლა გორაობს, პოლიტიკური თოვლის გუნდა ზვავად იქცევა და დემოკრატიული ზვავი წალეკავს ივანიშვილს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. იგი ფიქრობს, რომ ეროვნული პროტესტის ჩახშობა ხელისუფლების ძალებს აღემატება.

მეხუთე დღეა, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია. პარლამენტის შესასვლელებთან კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

ირაკლი კობახიძე: კანონში შავით თეთრზე წერია, რომ ბლოკირება ეწინააღმდეგება კანონს

"ბიუროს სხდომა უნდა ჩატარდეს, პარლამენტმა აუცილებლად უნდა განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილებები", - თქვა პარლამენტრმა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში მმართველი პარტიის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარლამენტში ბიუროს სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული. პარლამენტის ყველა შესასვლელი გადაკეტილია აქტივისტების მიერ და პარლამენტარებს არ ეძლევათ შენობაში შესვლის საშუალება.

"თქვენ გახსოვთ, რომ როცა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მათ ჰქონდათ ბლოკირებული ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი. ახლა აღარ არის ის დრო. არ არის ის დრო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მივცეთ ჩვენ კონსტიტუციური ორგანოების ბლოკირების საშუალება, შესაბამისად, მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თუკი ისინი არ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, ამ შემთხვევაში მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად. მთავარი არის კანონის უზრუნველყოფა, კანონის განხორციელება.


ჩვენ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებას, მაგრამ ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს. კანონში შავით თეთრზე წერია, რომ ბლოკირება ეწინააღმდეგება კანონს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის შენობის პიკეტირებასთან დაკავშირებით განცხადება 18 ნოემბერს გააკეთა სახალხო დამცველმა, რომელმაც თქვა, რომ მართალია, პიკეტირება არაკანონიერია, მაგრამ ის გამოწვეულია საარჩევნო წესის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნით პარლამენტში და, შესაბამისად, პიკეტირებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს. სახალხო დამცველის ეს განცხადება ირაკლი კობახიძის კრიტიკის საგანი გახდა. მან თქვა, რომ სახალხო დამცველს, როცა ის აკეთებდა ამ განცხადებას, "დაავიწყდა, რომ ის უკვე არის ომბუდსმენი". ირაკლი კობახიძის აზრით, ომბუდსმენის განცხადება "აბსოლუტურად გაცდენილი იყო ომბუდსმენის უფლებამოსილების სფეროს და არსს".

"არ მაინტერესებს, არ არის მნიშვნელოვანი [ვის ინტერესებს ატარებდა ომბუდსმენი]... მთავარი არის კანონი და მისი უზრუნველყოფა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნებით.

პარლამენტის შესასვლელებთან კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება

კახა კალაძე: ვერ ვხვდები, დასათმობი რა არის

„ვერ ვხვდები, დასათმობი რა არის? დღეს ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არაა. არანაირი კრიზისი არ არსებობს“, - უთხრა ჟურნალისტებს თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროპორციული არჩევნების თემა საბაბია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობისთვის. იმ ადამიანებს, ვინც ახლა პროტესტს გამოთქვამს, 2010 და 2014 წლებში ცვლილებების რეალური შესაძლებლობა ჰქონდათ.

ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილება არჩევნების წაგების შიშის გამო ჩააგდო, კალაძე ამბობს, რომ „დღეს ერთადერთი რეალური ძალა ქვეყანაში, ვისაც აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები მოიგოს, არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

„გაკეთებული გვქონდა განცხადება ახალი სისტემის მიღებასთან დაკავშირებით. მეც ვარ ერთ-ერთი მხარდამჭერი და ჩემი გამოსვლებიც შეგიძლიათ ნახოთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, დეპუტატების დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა განსახორციელებელ ცვლილებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი სიტყვებით, აქციების მონაწილეთა რაოდენობას ყოველთვის ითვლიდნენ და „ეს ბუნებრივი პროცესია“.

კლასიკურ გიმნაზიაში დღეს მეორე ცვლის გაკვეთილები არ ჩატარდება

პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორის თამარ კაპანაძის გადაწყვეტილებით, პარლამენტთან განვითარებული მოვლემების გამო, მეორე ცვლის გაკვეთილები დღეს, 18 ნოემბერს, არ ჩატარდება. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს განუმარტა, გადაწყვეტილება ბავშვების უსაფრთხოების გამო მიიღო. მისივე განმარტებით, მეორე ცვლა 14:00 საათიდან იწყება და ამ პერიოდში სკოლაში პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეები დადიან.

დირექტორის მიერ ტელევიზიასთან გაკეთებულ განცხადებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლაში განათლების სამინისტროდან დარეკეს და მეორე ცვლის გაკვეთილების გაუქმება მათი რეკომენდაცია იყო. რადიო თავისუფლებას სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ისინი ინფორმირებულები იყვნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა ამგვარ საკითხებზე გადაწყვეტილებას დირექტორი იღებს.

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო, 18 ნოემბრის დღის 2 საათის მონაცემებით, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე. პიკეტირებულია პარლამენტის ყველა შესასვლელი და იქ აქტივისტები კარვებით და სამშენებლო ნარჩენებით არიან გამაგრებულები. აქციები რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული წესიდან პროპორციულზე გადასვლას ითვალისწინებდა.

საარჩევნო წესის ცვლილება იყო 20-21 ივნისის შემდეგ პერმანენტული აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა. პროპორციულ წესზე 2020 წლის არჩევნებისთვის გადასვლის პირობა მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილმა მისცა.

ზუგდიდელმა ექიმებმა ოს და აფხაზ კოლეგებს ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს

ექიმების აქცია ზუგდიდში, კლინიკა "გულთან"

ზუგდიდში გაიმართა „თეთრი ხალათების აქცია“ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით.

„ჩვენ გვინდა, ჩვენს ოს კოლეგებს, პირველ რიგში, მეგობრებს, ასევე, აფხაზ ძმებს, კოლეგებს, ექიმებს ვუთხრათ, გამოვიდნენ და ჩვენსავით დადგნენ ქართველი ექიმის გვერდით და მოითხოვონ მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება. თავისუფლება ვაჟა ექიმს“, - განაცხადა რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა, ნიკა ჭეჟიამ.

აქცია გამართეს კლინიკა „გულის“ ექიმებმაც. მათ გამოფინეს ბანერები, წარწერებით: „ექიმი ხელშეუხებელია“, „თავისუფლება ვაჟა ექიმს!“

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს გმირ ექიმს და ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა მედეა ჯალაღონიამ.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „თეთრი ხალათების აქცია“ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 12 საათზე გაიმართა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში მიდიოდა იქაური პაციენტების დასახმარებლად, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ცხინვალის იზოლატორიდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG