Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები დაუთმო წინამორბედ ნაზარბაევს


ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები დაუთმო თავის წინამორბედს, ნურსულთან ნაზარბაევს, - იუწყება 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული საპრეზიდენტო ბრძანება.

66 წლის ტოყაევი პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ, რაც ნურსულთან ნაზარბაევი მარტში მოულოდნელად გადადგა. 79 წლის ნაზარბაევი თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში და მას ყაზახეთში კვლავაც მიიჩნევენ გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებად.

გამოქვეყნებული ბრძანება განმარტავს, რომ ტოყაევმა კონსულტაციები უნდა გამართოს ნაზარბაევთან სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელების და მინისტრების დანიშვნამდე, გარდა საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის პორტფელთა მფლობელებისა. იმ ინსტიტუტებს შორის, რომლებსაც ახლა ნაზარბაევის ნებართვა ესაჭიროება, არის გავლენიანი ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი - საბჭოთა პერიოდის უშიშროების მემკვიდრე. იგივე პროცედურის გავლაა საჭირო პროვინციების გუბერნატორებსა და სხვა მაღალჩინოსნებთან მიმართებით.

ტოყაევი თავის შემცვლელად პირადად ნაზარბაევმა შეარჩია და ის მარტში შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას. ყაზახეთის პრეზიდენტად ტოყაევის ინაუგურაცია ივნისში გაიმართა, არჩევნების შემდეგ. არჩევნებზე პოლიტიკური კონკურენცია სუსტი იყო, საერთაშორისო დამკვირვებლები კი "ფართომასშტაბიან საარჩევნო დარღვევებზე" წერდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG