Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატო შაქარიშვილი გიორგი მიქაუტაძის საკომიტეტო მოსმენაზე ეკა ბესელიას დახმარებით შევიდა


ვატო შაქარიშვილი
ვატო შაქარიშვილი

თბილისის საკრებულოს წევრი, ვატო შაქარიშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიას დახმარებით შევიდა.

ვატო შაქარიშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძის მოსმენაზე არ უშვებდნენ, რის გამოც დარბაზიდან საგანგებოდ გავიდა ეკა ბესელია და საკრებულოს წევრი სხდომაზე შეიყვანა. მანამდე ვატო შაქარიშვილმა მედიასთან განმარტა, რომ პარლამენტში მოსახვედრადაც ბარიერების გადალახვა მოუხდა და სანამ შენობაში შევიდოდა „ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა და ცხრათავიანი გველეშაპიც განგმირა“:

„ამ დროს, მე მაქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური, სამართლიანი კითხვები მოსამართლეობის კანდიდატთან, რომელმაც 2012 წელს სხვა უამრავ ახალგაზრდასთან ერთად, პოლიტიკური დავალება შეასრულა და შეზღუდა ჩვენი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი აქტივობა და პოლიტიკური ნიშნით გაგვასამართლა, ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯა. აქ არ ვარ პირადი მოტივებით. მე მას, როგორც ადამიანმა ადამიანს, დიდი ხნის წინ ვაპატიე, მაგრამ როგორც მოქალაქემ მოსამართლეს, არ შემიძლია, ვაპატიო გამოტანილი უკანონო განაჩენი“, – განაცხადა დარბაზში შესვლამდე ვატო შაქარიშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დარბაზში მანამდე არ შეუშვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე, რომელიც არ დათანხმდა მანდატურის წინადადებას, სხდომისთვის აივნიდან ედევნებინა თვალი და პარლამენტის შენობა დატოვა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენს.

მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.

არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები გიორგი მიქაუტაძეს სასამართლოში არსებული „კლანის“ წარმომადგენლად მიიჩნევენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მის არჩევას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 11 კანდიდატს მოუსმინა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.

XS
SM
MD
LG