Accessibility links

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ჩემთვის არაფრის მომტანია, ვინ დაიკითხება, მინდა სახელმწიფომ აღიაროს დანაშაული


პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, თუ ვის დაკითხავენ სპეცოპერაციის საკითხზე, მთავარია სახელმწიფომ აღიაროს თავისი დანაშაული. მისივე სიტყვებით, საქმეზე კიდევ ბევრი პირია დასაკითხი.

„ერთი წელი და ათი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სუს-მა და სუს-ის მაღალჩინოსნებმა ტერაქტი მოაწყეს პანკისის ხეობაში, მაჩალიკაშვილების ოჯახში. ძალიან ბევრია დასაკითხი და ციხეში ამოსალპობი, ჩიმაკაძეც და ის სვანი პიროვნება, სპეცრაზმელი, რომელიც თემირლანთან ოთახშია შესული. სახელებით მე არ ვიცნობ ყველას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უნდა დაიკითხნონ. ჩემთვის არაფრის მომტანია, ვინ დაიკითხება და ვის ამოალპობენ ციხეში, სულ არ მაინტერესებს. მე მინდა, რომ სახელმწიფომ აღიაროს დანაშაული.

იმაში ვდებ ბრალს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახში არაფრის გამო მოაწყვეს ტერაქტი. მე სახელმწიფოს ვდებ ბრალს, ის ნაძირალა ჩიმაკაძე იქნება თუ მაგათი სპეცრაზმელები იქნებიან, თუ მომინდება, მოვუღებ ბოლოს. მაგრამ მაგაზე არ წავსულვარ და არ წავალ. სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე დანაშაული, ვის დაიჭერენ, არ მაინტერესებს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ შს მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური პროკურატურაში გამოკითხეს. პროკურატურაში ასევე გამოკითხეს სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი. გამოკითხვა მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას შეეხება.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG