Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალური პროკურატურა „მუქარის წერილზე“: ანალიზის ჩატარება გართულდება


გენერალური პროკურატურის ცნობაში, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის „მუქარის წერილს“ შეეხება, ნათქვამია, რომ „წერილი თვეების განმავლობაში,სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას. მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა“.

პროკურატურის თანახმად, წერილი დაულუქავ, ღია კონვერტში იყო მოთავსებული.

„2019 წლის 21 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოადგინეს ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული, მათი თქმით, „მუქარის წერილის დედანი“ და განცხადება, წარმოდგენილ მასალებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით“.

გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლიან განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს და შედეგების შესახებ ინფორმაციას დამატებით მიაწვდიან საზოგადოებას.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურატურაში გუშინ ჩააბარა „მუქარის წერილის“ დედანი, რომელიც, მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიასგან მიიღო. ხაზარაძემ პროკურატურაში მიიტანა წერილზე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც.

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.

ამ საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს, 5 მარტს, მამუკა ხაზარაძე პროკურორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, 6 მარტს კი, გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძისგან მიღებული წერილის ასლი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მან „წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც ე.წ. წერილი გადასცა“.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ასლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს ყველანაირი წინაპირობის გარეშე უნდა შეესრულებინა სამი პირობა:

- უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);

- უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);

- „არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი;

გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, არაერთხელ უარყო, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი მისწერა და მის განცხადებებს ტყუილი და ჭორაობა უწოდა.

XS
SM
MD
LG