Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი და რუსეთი ერთობლივად გააკონტროლებენ სირია-თურქეთის საზღვარს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით


რეჯეპ ტაიპ ეროდოანისა (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სოჭში. 2019 წ. 22 ოქტომბერი.
რეჯეპ ტაიპ ეროდოანისა (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სოჭში. 2019 წ. 22 ოქტომბერი.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ვლადიმირ პუტინი სოჭში შეთანხმდნენ, რომ თურქეთი და რუსეთი ერთობლივად გააკონტროლებენ სირია-თურქეთის საზღვარს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით.

შეთანხმების მიხედვით, რომლის ტექსტი საჯაროდ წაიკითხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, თურქეთის ჯარები გააკონტროლებენ საზღვრისპირა ტერიტორიის იმ 30-კილომეტრიან ზონას, რომელიც მათ კონტროლქვეშ აღმოჩნდა თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში ორი კვირის წინ დაწყებული ოპერაციის შედეგად. 30-კილომეტრიანი ზონის დანარჩენ ნაწილში შევა რუსეთის სამხედრო პოლიცია. ქურთების შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა უნდა დატოვონ ეს ზონა.

ერდოანი სამშაბათს ჩავიდა სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად. მოლაპარაკებები თითქმის ექვს საათს გრძელდებოდა. მისი მთავარი თემა იყო ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია.

პუტინის თქმით, მოლაპარაკებების მსვლელობისას მხარეებმა შეძლეს გამოემუშავებინათ ერთობლივი მიდგომა ჩრდილოეთ სირიაში ვითარების ნორმალიზაციისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილებებს უკიდურესად მნიშვნელოვანი უწოდა.

ერდოანის თქმით, ე.წ. „უსაფრთხოების ზონაში“, სირიის ტერიტორიაზე, რომელიც თურქეთს ესაზღვრება, შეიძლება განთავსდეს სირიელი ლტოლვილების ის ნაწილი, რომელიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

თურქეთმა ორი კვირის წინ დაიწყო ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია ქურთების შეიარაღებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ. დღეს იწურება 5-დღიანი ზავი, რომელიც დაიწყო ერდოანსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შორის შეხვედრის შემდეგ. სამშაბათს სირიელმა ქურთებმა განაცხადეს, რომ თავიანთი რაზმები გაიყვანეს თურქეთთან მოსაზღვრე 30-კილომეტრიანი ზონიდან. ეს იყო ერთ-ერთი პირობა თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის შესაწყვეტად.

ოპერაციის დაწყების შემდეგ აშშ-ის ჯარებმა დატოვეს თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარე რაიონები. ქურთების მიერ კონტროლირებული ტერიტორიების ნაწილზე კი ჯარები შეიყვანა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს.

XS
SM
MD
LG