Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოცქსელებში ვრცელდება ცხინვალის იზოლატორში ცემის ამსახველი ვიდეო


სოცქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში სამართალდამცავთა მიერ პატიმრების ცემა. ვიდეო რამდენიმე ფრაგმენტისგან შედგება. ის, სავარაუდოდ, გადაღებულია ეკრანიდან, რომელზეც სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები ჩანს. ვიდეოში ასახული ფაქტები რამდენიმე წყარომ დაუდასტურა რადიო თავისუფლებას.

ვიდეო დათარიღებულია 2 ოქტომბრით. ვიდეოზე ასახულ ფაქტს, სავარაუდოდ, წინ უძღოდა 1 ოქტომბერს ცხინვალში მოშიმშილე პატიმრების მოინახულება დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტარების მიერ. როგორც წყაროებმა შეატყობინეს რადიო თავისუფლებას, ერთი დღის შემდეგ, გვიან საღამოს, კოლონიაში მივიდნენ „ომონის“ თანამშრომლები იუსტიციის მინისტრ ზალინა ლალიევასთან და გენერალური პროკურატურის სასჯელაღსრულების ზედამხედველობის განყოფილების უფროსთან, ვასილი პოლიაკოვთან ერთად.

სამართალდამცავებმა ჯერ დაიწყეს საკნებიდან წინასწარ დაკავებაში მყოფი პირების გამოყვანა. იმ მომენტისთვის წინასწარი დაკავების საკნებში 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ძალის გამოყენების მუქარით ისინი აიძულეს, მიეღოთ საკვები. ასევე მოექცნენ საერთო რეჟიმის საკნებში მყოფ კიდევ 20-მდე პატიმარს.

დემონსტრაციული სისასტიკე გამოიჩინეს „ომონელებმა“ მკაცრი რეჟიმის საკნებში მყოფთა მიმართ. რადიო თავისუფლების წყაროების მიხედვით, 12 პატიმარი „ომონელებმა“ უსასტიკესად სცემეს.

ვიდეოზე, სავარაუდოდ, ასახულია, ორი პატიმარი - თემურ კობესოვი და აზამატ ბეკოევი, რომლებიც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და იქ სცემეს 2 ოქტომბერს.

ვიდეო 22 ოქტომბერს გაავრცელა ანონიმმა „სოსლან ბიბილოვის“ სახელით.

XS
SM
MD
LG