Accessibility links

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღეს


ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი.

დემოკრატი კონგრესმენის ჯერი კონოლის და რესპუბლიკელი ადამ კინზინგერის მიერ ინიცირებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე, ორპარტიულ მხარდაჭერას, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

წარმომადგენელთა პალატაში მიღებული კანონპროექტის, „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ მიზანია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

დოკუმენტის თანახმად, შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების მხარდაჭერაა, რაც მოიცავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ანტიკორუფციულ ძალისხმევას.

საქართველოს მხარდაჭერის აქტი ხაზს უსვამს, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ მისწრაფებებს.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პოლიტიკაა, არ აღიაროს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის გამოყენებით ტერიტორიული ცვლილება, მათ შორის, არაკანონიერი შეჭრა და საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ასევე, ამერიკის პოლიტიკაა დაგმოს მიმდინარე დაკავებები, გატაცებები და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევები, რომლებიც ჩადენილია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობა.

საქართველოს მხარდაჭერის აქტი აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს ყველას, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევასა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილეობს.

ამერიკელი კონგრესმენების მიერ მიღებული აქტით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ორპარტიულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს უსაფრთხოების მიმართულებით გამოუყო 37 200 000 დოლარი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ნატოს ასპირანტია და მსოფლიოს უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. კონგრესი საქართველოსთვის ამერიკის დახმარების გაზრდას ითხოვს.

„ამერიკის პოლიტიკა იქნება, საქართველოსთან კონსულტაციით გააძლიეროს საქართველოს შეკავების, გამძლეობის და თავდაცვის უნარები, მათ შორის, შესაბამისი დახმარებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებით“, - ნათქვამია კანონპროექტში. კონგრესმენები სახელმწიფო მდივანს სთხოვენ, 180 დღის განმავლობაში წარმოადგინოს საქართველოს დახმარების პაკეტი.

დოკუმენტში საუბარია საქართველოს დახმარებაზეც კიბერუსაფრთხოების სფეროში.

საქართველოს მხარდაჭერის აქტის თანახმად, ამერიკის პოლიტიკააა საქართველოს დახმარებაც რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც პრესის თავისუფლების გაძლიერებასაც მოიცავს.

აშშ-ის კონგრესი ასევე ადასტურებს, რომ სურს პროგრესი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე მოლაპარაკებებში.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცებული „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“ სენატს გაეგზავნება. სენატის თანხმობის შემთხვევაში, კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG