Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი აცხადებს, რომ კვლავ სურს ავღანეთის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა


გაერო, ევროკავშირი და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აშშ, აცხადებენ, რომ კვლავაც ესწრაფვიან "მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების" მიღწევას ავღანეთში ომის დასრულების მიზნით.

მათი ერთობლივი განცხადება 22 ოქტომბერს ბრიუსელში გავრცელდა, სადაც ავღანეთის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა კოლეგებს ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ნორვეგიიდან, ევროკავშირიდან და გაეროდან. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ძალები მზად არიან იმუშაონ ავღანეთის მთავრობასთან, თალიბანთან, ავღანეთის პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებთან, რათა მიღწეულ იქნეს "ყოვლისმომცველი და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმება".

განცხადებაში დადებითადაა შეფასებული ავღანეთის მოქალაქეების მონაწილეობა 28 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, მიუხედავად გამოწვევებისა ტექნიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით. განცხადებაში ყველა მხარეს მოუწოდებენ, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, შიდაავღანური მოლაპარაკების განმავლობაში, რათა მიღწეულ იქნეს "პოლიტიკური საგზაო რუკა ავღანეთის მომავლისთვის". ამავე დროს, განცხადებაში კიდევ ერთხელ არის ნათქვამი, რომ თალიბანმა და ავღანეთის სხვა ძალებმა ქვეყანა არ უნდა აქციონ თავშესაფრად "ალ-ყაიდის... ან სხვა საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფებისთვის", თალიბანმა ამ ჯგუფებთან კავშირი უნდა გაწყვიტოს და მათ მხარი აღარ უნდა დაუჭიროს.

იმავე დღეს, თალიბანის პრესმდივანმა, სუჰაილ შაჰინმა განაცხადა, რომ ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკების ახალი რაუნდი გაიმართება ჩინეთში, 28-29 ოქტომბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG