Accessibility links

site logo site logo

პაატა სილაგაძე: ლევან მურუსიძე კეთილსინდისიერი მოსამართლე და ადამიანია


ლევან მურუსიძე კვალიფიციური იურისტი და კეთილსინდისიერი ადამიანია, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, პაატა სილაგაძემ, 23 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამართული მოსმენის ფარგლებში.

„ლევანი (მურუსიძე) არის ჩემი კოლეგა. მასთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობ სასამართლო სისტემაში და ჩემი გადასახედიდან, ის არის დადებითი ადამიანი - როგორც კვალიფიციური იურისტი და როგორც კეთილსინდისიერი ადამიანი... კეთილსინდისიერი მოსამართლე და ადამიანი“, - განაცხადა სილაგაძემ.

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლის, ლევან მურუსიძის შეფასება პაატა სილაგაძეს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა სთხოვა და ასევე დაინტერესდა, თვლის თუ არა სილაგაძე მურუსიძეს სასამართლოს ლიდერად და იდეალური მოსამართლედ.

„ის არის მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე და ამას თუ გულისხმობთ, ლიდერია“, - განაცხადა სილაგაძემ საპასუხოდ.

„არის ის სამაგალითო მოსამართლე, ვისნაირიც გინდათ, რომ იყოთ?“,- დასვა დამატებითი შეკითხვა დეპუტატმა გოგორიშვილმა.

პაატა სილაგაძე: „ჩემთვის სამაგალითო მოსამართლე გახლდათ საქართველოში (დღეს აღარ არის ცოცხალი) ბატონი გუგული დევდარიანი...“;

ხათუნა გოგორიშვილი: „მე ლევან მურუსიძეზე გეკითხებით...“;

პაატა სილაგაძე: „ლევან მურუსიძეზე გითხარით - ის ჩემი კოლეგაა და ვიცნობ...“’

ხათუნა გოგორიშვილი: „ანუ გინდათ, რომ მისნაირი (ლევან მურუსიძისნაირი) ავტორიტეტი და დამოკიდებულება გქონდეთ ...“;

პაატა სილაგაძე: „მე გითხარით უკვე, ვისნაირიც მინდა, რომ ვიყო“.

პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უკვე მე-13 კანდიდატია, რომელსაც 23 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ფორმატში უსმენენ.

  • 2019 წლის 3 ივნისს პაატა სილაგაძე უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ.
  • 2008-2019 წლებში ის იყო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე.
  • 2013-2017 წლებში სილაგაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

20-კაციანი სიის გარდა, რომელსაც პარლამენტი ამჟამად განიხილავს, პაატა სილაგაძე ასევე იყო იუსტიციის საბჭოს მიერ შედგენილი თავდაპირველი 10-კაციანი სიის შემადგენლობაშიც. კომიტეტის სხდომაზე სილაგაძემ თქვა, რომ კანდიდატობა მაშინ მას პირადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ შესთავაზა, სატელეფონო საუბრის დროს.

10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტში 2018 წლის ბოლოს ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა, არასამთავრობო სექტორი „სასამართლოს კლანის“ ხელდასმით შექმნილს უწოდებს. საუბარია გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე. მიხეილ ჩინჩალაძე, ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამართლოში უვადოდ არის გამწესებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG