Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ მჯერა, გარეპე!


რას იტყოდა სტანისლავსკი ბერაზე, დაუჯერებდა?

ერთი შეხედვით, რა არის დაუჯერებელი იმაში, რომ ახალგაზრდა კაცი შეძრას მასშტაბურმა ხანძარმა, დაასევდიანოს ამაზონის ტყის ხალხების უბედურებამ, გული მოუკლას „პლანეტის ფილტვების“ განადგურების პერსპექტივამ... არც არაფერი! მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც არ დაუჯერებდა! ისევე, როგორც არ დაუჯერა ფეისბუკსაზოგადოებამ, როცა დააზუსტა, გადარიცხულ 1.1 მლნ $ - ში შედის ჩემი მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგებიო!

რა მძიმე შრომა?

რა დანაზოგები?

ეს ბიძინას ჰქონდა მძიმე ბავშვობა და არა ბერას! რატომ აიგივებს თავის უზრუნველ ცხოვრებას მამის ბიოგრაფიასთან? კი არიან დენდროფილები, მაგრამ, რაც უნდა ვთქვათ, შვილი ვერ იქნება მამის ვარჯს გამოსხმული ტოტი, რომ ერთი (საერთო) წარსული ჰქონდეთ!

მოკლედ არ მჯერა!

არც ის მჯერა, რომ გულწრფელად იზიარებს ISA- ს - სოციალურ-ეკოლოგიური ინტსტიტუტის „მწვანე მიზნებს“, რომელთა შორისაა: ტყისა და ტყის ხალხების უფლებების დაცვა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მკაცრი რეგულაცია, პესტიციდების მავნე ზემოქმედების შემცირება, გიგანტური ჰესების მშენებლობის აკრძალვა, ტყეების გაჩეხვის საწინააღმდეგო მოძრაობა და ა.შ. სწორედ ეს ორგანიზაცია აირჩია ბერა ივანიშვილმა პარტნიორად...

უნდა მჯეროდეს?

დავიჯერებდი, თანმიმდევრული რომ იყოს და საქართველოშიც ISA-ს დასახულ მიზნებს რომ მისდევდეს ანუ არ თხრიდეს აჭარა-გურიაში გიგანტურ ხეებს, არ აჩანაგებდეს მიკროზონებს, მხარს არ უჭერდეს დიდი ჰესების მშენებლობას, ღია წესით არ მოიპოვებდეს წიაღისეულს, მათ შორის სპილენძსა და ოქროს, არ აფეთქვებდეს საყდრისს - ამ ყველაფერს რომ ეწინააღმდეგებოდეს, დავიჯერებდი, მაგრამ არ ეწინააღმდება!

არც იმისა მჯერა, რასაც „ბრაზილიელი მეგობრებისა“ და ფანების დახმარებაზე ლაპარაკობს:

„იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის მოშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ უზადო სიყვარულითა და პატივისცემით, ოჯახის წევრივით. მსგავსი სიყვარულის სულისკვეთებით, მსურს დავეხმარო მათ, რამდენადაც შემიძლია“.

სად არ მიიღებდნენ ისეთს, როგორიც არის? - ეს ერთი! მერე ისა, რომ სტანისლავსკობა არ არის საჭირო, რომ მივხვდეთ, რასაც თამაშობს - გლობალურ ვარსკვლავობას! ჰბაძავს დიკაპრიოს, ანჯელინა ჯოლის, რონალდუს და სხვათა და სხვათა. ჰბაძავს მართლა ვარსკვლავებს, მართლა თავიანთი შრომით რომ გამოიმუშავეს ფული...

ერთადერთი, რასაც ივანიშვილებს ვერ დავუკარგავთ, გულწრფელი, დამაჯერებელი თანმიმდევრულობაა სარგებლის მიღების საკითხში: ისეთ ქველმოქმედებას „ჰყიდიან“, რომელსაც მეტი სარგებელი მოაქვს!

გლობალური მასშტაბით დივიდენდები (ცნობადობა, გაყიდვების რაოდენობა) შეიძლება მოიტანოს ამაზონის ტყეებზე ზრუნვამ, სამხრეთ პოლუსზე ყინულის დნობის გამო წუხილმა და ა.შ. ლოკალური მასშტაბით კი ქველმოქმედება გასწიო ინტელიგენციაზე, სამღვდელოებაზე, ეკლესიების აღდგენაზე, რაც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოგიტანს კაპიტალს პოლიტიკურ ბრძოლაში დასახარჯად. ლოკალურ მასშტაბით გარემოს დაცვაზე ზრუნვა ალტრუიზმი - ფულისა და დროის უსარგებლო კარგვაა... ასე რომ, თუ გვარად ივანიშვილი ხარ, შეგიძლია ტყე, მთა და ზღვა შენს ტანზე, შენს გემოზე მოირგო, რასაც აკეთებენ კიდეც...

ბერა რომ „გულწრფელად მწვანე“ იყოს, ამაზონის ტყეების ბედი რომ მართლა უფრთხობდეს ძილს - ცხადია, ბრაზილიამდე საქართველოში გამოიდებდა თავს და საყდრისს არ ააფეთქებინებდა, ხელს ააღებინებდა ხაიშის დატბორვის მცდელობაზე, უარს ათქმევინებდა ხეების მოთხრაზე... მაგრამ არ არის გულწრფელად მწვანე და ვერც თამაშობს დამაჯერებლად მწვანეობას! სტანისლავსკიც ეტყოდა, რომ არ სჯერა მისი და, რომ ასეთი თამაში კიტჩია... აი, ისეთივე კიტჩი, ვინმეს რომ ეთქვა ბერას გლობალურ აქტიურობაზე, ძაღლი შინ არ ვარგოდაო და სანადიროდ ამაზონის ტყეში გარბოდაო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG