Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოდან იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიციას 24 ოქტომბერს, 11:00 საათზე ელოდება - ადვოკატი


საინფორმაციო ტექნოლოგიების 28 წლის სპეციალისტის, იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი ივანე ნორაკიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრობს რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილის შესახებ.

როგორც სუმბაევის ინტერესების დამცველი ამბობს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურიდან ოფიციალური წერილი მიიღო. წერილის თანახმად, 24 ოქტომბერს, 11:00 საათზე ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან იაროსლავ სუმბაევს ეტაპირებისთვის რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულების ავტომანქანა ელოდება.

ადვოკატის განმარტებით, საქმე ისაა, რომ სხვა ქვეყნისთვის მხოლოდ საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი ადამიანის გადაცემა არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ სუმბაევს 22 ოქტომბერს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში მხოლოდ უმაღლეს ინსტანციაში (ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში) გასაჩივრების პროცედურის ამოწურვის შემდეგ შედის.

„ჩვენ გვაქვს 48-საათიანი ვადა, რომელიც 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე იწურება. აქედან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ სუმბაევი ამჟამად არ იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში და მისი გადაცემა უკანონობა იქნება“, - გვეუბნება ივანე ნორაკიძე და განაგრძობს, - „წარმოიდგინეთ, ხვალ დილით სუმბაევი რუსეთს გადასცეს და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ დავუშვათ, შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება: თქვა, რომ მისი საექსტრადიციო პატიმრობა უკანონოა. რას ვაკეთებთ ასეთ დროს? რუსებს ვურეკავთ და სუმბაევს უკან ვაბრუნებთ? ამიტომ ვამბობთ, რომ, სანამ სააპელაციო სასამართლო თავის ვერდიქტს არ გამოიტანს, ეს გადაცემა უკანონო იქნება“.

რადიო თავისუფლება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება იაროსლავ სუმბაევის ადგილსამყოფელს, ამჟამად ის რუსთავის #6 დაწესებულებაში იმყოფება.

სუმბაევის საექტრადიციო ბრძანება გამოიცა 2019 წლის 30 სექტემბერს.

„ამჯერად იგი [გარანტიები] მიღებულია რუსეთიდან და შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებსა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკას. ამ ეტაპზე ველოდებით მის ეტაპირებას“, - განმარტა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.

BBC-ის ინფორმაციით, რუსული გამოძიება სუმბაევს მიიჩნევს ჰაკერების ჯგუფის ორგანიზატორად, რომლებიც ტუროპერატორების მონაცემებს იპარავდნენ და ყალბ სარკინიგზო ბილეთებს ყიდდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG