Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი: ცხინვალის ე.წ.უსაფრთხოების კომიტეტის განცხადება დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პასუხობს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით,რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ე.წ. საზღვრის მონაკვეთზე მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, მსგავსი პროვოკაციული განცხადებები წარმოადგენს იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგადად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათ მიერვე ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ცენტრალური ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს. სუს-ის თანახმად, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდებათ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (კგბ) გაავრცელა განცხადება, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ თითქოს საქართველოს სპეცსამსახურები ე.წ. საზღვრის რეგიონში დესტაბილიცაზიის კერის შექმნას ცდილობენ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში.

„კერძოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს ქართველ აქტივისტებს, მასმედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა ქართულ სოფლებში - კოდაში, აბანოში, კობში, წაღვლსა და ატოცში.“ ცხინვალის რეჟიმის კგბ-ს თანახმად, ქართული სპეცსამსახურების მიზანია, ამით ხელი შეუშალოს მათ „ინციდენტის რაიონში ვითარების ობიექტურ შეფასებაში“.

ცხინვალის რეჟიმის კგბ-ს პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყების ხელთ არსებული მასალები მოწმობს „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა აქტიურ საქმიანობაზე ზნაურის რაიონის სოფელ უისტის (წნელისი) რაიონში მასშტაბური პროვოკაციების მოსამზადებლად.“

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის კგბ-ს განცხადების შესახებ ინფორმაცია ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „რეს“-მა გაავრცელა 23 ოქტომბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG