Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკუჩავა სხირტლაძეს: ივანიშვილმა რომ განიზრახოს ჩემი დაპატიმრება, რომელი ინსტიტუცია დამიცავს?


„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, ნუგზარ სხირტლაძეს დაუსვა შეკითხვა - „თეორიულად, დღეს ბიძინა ივანიშვილმა რომ განიზრახოს ჩემი დაპატიმრება, როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ქვეყანაში რომელიმე ინსტიტუტი ან რომელიმე ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომელიც შეძლებს ურთიერთშეკავების მექანიზმის განხორციელებას და მისი ამ განზრახვის ინსტიტუციონალურად შეზღუდვას?“

ნუგზარ სხირტლაძემ დეპუტატს უპასუხა, რომ „ასეთი ინსტიტუტი არსებობს“ და „ეს არის სასამართლო“. უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის თქმით, „დღევანდელი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ბევრად მეტია, ვიდრე სხვა პერიოდში“.

თინა ბოკუჩავა: „ანუ თქვენ თვლით, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე არიან ციხეში ის პოლიტპატიმრები, რომლებიც მე ჩამოვთვალე (მაგალითად - ვანო მერაბიშვილი) ან დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან მიმართებაში?! დამოუკიდებელმა სასამართლომ გადაწყვიტა ან გადაწყვეტს, მაგალითად - (მამუკა) ხაზარაძის საქმეს, რომელიც 11 წლის წინანდელი საქმეა?! ან დამოუკიდებელმა სასამართლომ გადაწყვიტა „რუსთავი 2“-ის საქმე?! “;

ნუგზარ სხირტლაძე: „თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ამ საქმეებთან მიმართებით შეიძლება სხვადასხვა დამოკიდებულება იყოს. ყოველ შემთხვევაში, არსებობს ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და ამ საქმეებზე (ამ სასამართლომაც) გარკვეულწილად გამოთქვა თავისი მოსაზრებები... “.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, ნუგზარ სხირტლაძეს უსმენენ. სხირტლაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უკვე მე-14 კანდიდატია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი 20-კაციანი სიიდან.

  • 1999 წლიდან - ნუგზარ სხირტლაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა;
  • 1998-1999 წლებში - ის იყო ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ხოლო შემდეგ - თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თავდაპირველი10-კაციან სია პარლამენტში 2018 წლის ბოლოს ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა. არასამთავრობო სექტორი მას „სასამართლოს კლანის“ ხელდასმით შექმნილს უწოდებს. საუბარია გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე“. მიხეილ ჩინჩალაძე ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამარლოში უვადოდ არის გამწესებული.

XS
SM
MD
LG