Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუმბაევის ადვოკატი: წულუკიანი ტყუის, ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია


რუსი "ჰაკერის", იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი აცხადებს, რომ ევროსასამართლოს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება სუმბაევის ექსტრადირების დასაშვებობაზე და იუსტიციის მინისტრი ტყუის, როცა საპირისპიროს ამტკიცებს.

ინტერპოლით ძებნილი იაროსლავ სუმბაევი - რომელიც რუსეთში კიბერთაღლითობაშია ბრალდებული და გამომძიებელი ქალის მკვლელობის დაკვეთაშია ეჭვმიტანილი - 24 ოქტომბერს დილით გადასცეს რუსეთის სამართალდამცველებს.

სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემას დაუშვებლად მიიჩნევდა მისი ადვოკატი, ივანე ნორაკიძე. "ჰაკერის" ექსტრადიციის შეჩერების მოთხოვნით მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

სასამართლო - 6 სექტემბრით დათარიღებული გადაწყვეტილებაში, რომელიც რადიო თავისუფლებას იუსტიციის სამინისტროდან მიაწოდეს - წერს, რომ "არ აღკვეთს აპლიკანტის [იაროსლავ სუმბაევის] გადაცემას", რაც იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო, დასაშვებად მიიჩნევდა იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირებას

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამ გადაწყვეტილებას აფასებს როგორც "საბოლოო პასუხს", რომლითაც ​ევროსასამართლო უარს ამბობს სუმბაევის ექსტრადიციის შეჩერებაზე.

"ჰკითხონ მათ, რატომ იტყუებოდნენ თვე-ნახევრის განმავლობაში, რატომ მართავდნენ იუსტიციის სამინისტროს წინ აქციას და რატომ ამბობდნენ სულ ათი წუთის წინ, რომ სტრასბურგში მიმდინარეობს პროცესი, და არ თქვეს, რომ პროცესი დასრულებულია", − ამბობს წულუკიანი.

ადვოკატი ივანე ნორაკიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 6 სექტემბრის გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. მისი თქმით, არსებობს სტრასბურგის კიდევ ერთი, 15 ოქტომბრით დათარიღებული გადაწყვეტილება, როცა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.

დოკუმენტში - რომელიც რადიო თავისუფლებას ნორაკიძემ მიაწოდა - წერია, რომ სასამართლოს 6 სექტემბრის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. თუმცა, არსებითი სარჩელი სასამართლომ მიიღო, განიხილავს და გადაწყვეტილებას ადვოკატებს შეატყობინებს. ნორაკიძის მტკიცებით, იუსტიციის მინისტრმა ამის შესახებ იცის:

"მინისტრი ვალდებული იყო დალოდებოდა შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, ვინაიდან იგი ამის შესახებ იყო ინფორმირებული".

ივანე ნორაკიძე ამბობს, რომ მოითხოვს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას თეა წულუკიანის წინააღმდეგ, უკანონო ბრძანებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო.

XS
SM
MD
LG