Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესელია სხირტლაძეს: როგორ განიხილა ჩინჩალაძემ 4 საქმე, თქვენ კი - 10 ათასი?


უზენაეს სასამართლოში თქვენ 10 ათასამდე საკასაციო საჩივარი გაქვთ განხილული, ხოლო მიხეილ ჩინჩალაძეს - (2009-2016 წლებში) სულ 4 საქმე აქვს განხილული - მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, ნუგზარ სხირტლაძეს 24 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატი დაინტერესდა, რით იყო გამოწვეული ასეთი მკვეთრი განსხვავება სტატისტიკურ მონაცემებში.

„რატომ ხდებოდა (საქმეების) ასეთი უსამართლო გადანაწილება? თქვენ რატომ იხილავდით ამდენ საქმეს და რატომ არ იხილავდა ბატონი ჩინჩალაძე?“, - შეკითხვა დასვა ეკა ბესელიამ.

ნუგზარ სხირტლაძის განმარტებით, პალატის თავმჯდომარეები ტრადიციულად ძირითადად ადმინისტრაციული საქმეებით იყვნენ დაკავებული.

„ვიდრე ბატონი მიხეილი (ჩინჩალაძე) მოვიდოდა, მანამდეც გვყავდა პალატის თავმჯდომარეები... ტრადიციულად, პალატის თავმჯდომარეს საქმეების მხრივ არასოდეს ჰქონდა ის დატვირთვა... დღესაც რომ აიღოთ, თავმჯდომარეს ის დატვირთვა არა აქვს, რაც რიგით მოსამართლეს“, - განაცხადა სხირტლაძემ.

ეკა ბესელია: „და რას აკეთებდა თავმჯდომარე?“;

ნუგზარ სხირტლაძე: „ორგანიზაციული საკითხებით იყო დაკავებული“;

ეკა ბესელია: „და რითი გეხმარებოდათ ორგანიზაციულად?“;

ნუგზარ სხირტლაძე: „იყო სამი შემადგენლობა პალატაში. თითოეულ მოსამართლეს ჰყავს აპარატი ... ამ აპარატს ესაჭიროება ყოველდღიური მართვა. ამასთან, ადმინისტრაციულ პალატაში სხვადასხვა სახის საქმეებია (ერთ დღეს - საფინანსო, მეორე დღეს - ბუნების დაცვა, სამშენებლო და ასე შემდეგ) და ეს უკავშირდებოდა საინფორმაციო უზრუნველყოფის საჭიროებას, რასაც ასევე აპარატი აკეთებდა...“;

ეკა ბესელია: დიახ, აპარატი აკეთებდა, ამას ვამბობ - ძნელი წარმოსადგენია, რომ ბატონი ჩინჩალაძე თავად აგვარებდა ტექნიკურ რაღაცეებს, ოთახებში ... აპარატს თავისი ხელმძღვანელი ჰყავს... და ეს მოსამართლედ არჩეული ადამიანი წელიწადში ერთ საქმეს არ იხილავდა... რა გაუჭირდა ასეთი უზენაეს სასამართლოს, რომ ტექნიკური საქმეებით არ დაეტვირთათ მოსამართლე?! თქვენ ნორმალურად მიგაჩნიათ ეს სტატისტიკა?!“

ნუგზარ სხირტლაძე: „ასეთი სტატისტიკა... მე მგონი, რაღაც საქმეს...“;

ეკა ბესელია: „არ ვიცი, ახლა ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს... 8 წლის განმავლობაში 4 საქმე (2009-2016 წლები)... ამ წლების სტატისტიკას რომ გადავხედე, სხვებს, თითოეულ მოსამართლეს რამდენიმე ათასი საქმე აქვს განხილული... ეს ნორმალური სტატისტიკაა?!“;

ნუგზარ სხირტლაძე: „ყოველ შემთხვევაში, მანამდეც ვინც იყო თავმჯდომარე... არასდროს არ იყო ისე დატვირთული, როგორც დანარჩენი მოსამართლეები...“;

ეკა ბესელია: „ნინო გვენეტაძე იხილავდა საქმეებს?“;

ნუგზარ სხირტლაძე: „კი“;

ეკა ბესელია: „რატომ იხილავდა?! უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფრო მეტი დატვირთვა არ აქვს, ვიდრე რომელიმე პალატის თავმჯდომარეს?! გვენეტაძე დღეში რამდენიმე სხდომაზე იჯდა და ინტენსიურად იხილავდა საქმეებს... როგორ ახერხებდა ერთდროულად ამ ადმინისტრაციული ფუნქციისა და საქმეების განხილვის შეთავსებას?!“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, ნუგზარ სხირტლაძეს უსმენენ. სხირტლაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის უკვე მე-14 კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი 20-კაციანი სიიდან.

  • 1999 წლიდან - ნუგზარ სხირტლაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა;
  • 1998-1999 წლებში - ის იყო ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ხოლო შემდეგ - თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თავდაპირველი10-კაციან სია პარლამენტში 2018 წლის დეკემბერში ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა. არასამთავრობო სექტორი მას „სასამართლოს კლანის“ ხელდასმით შექმნილს უწოდებს. საუბარია გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე“. მიხეილ ჩინჩალაძე ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამარლოში უვადოდ არის გამწესებული.

XS
SM
MD
LG