Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EUMM შეშფოთებულია მისი პატრულის დაკავების გამო ცხინვალის წარმომადგენლების მიერ


EUMM-ის მანქანა საოკუპაციო ხაზთან, ოძისის მიმდებარედ
EUMM-ის მანქანა საოკუპაციო ხაზთან, ოძისის მიმდებარედ

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრულები მცირე ხნით ჰყავდათ დაკავებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს. მონიტორინგის მისიის განცხადებით, შეუიარაღებელი მონიტორები, 24 ოქტომბრის ნაშუადღევს, ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში, პატრულირების დროს დააკავეს. განცხადების თანახმად, ინციდენტიდან მალევე ამოქმედდა ცხინვალის ცხელი ხაზი.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავების დეტალების გარკვევა ჯერ კიდევ გრძელდება; იქვე ხაზგასმულია, რომ ადგილი, სადაც პატრული დააკავეს, თბილისი მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზეა.

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის მისიამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჩორჩანა-წნელისის მიდამოების პატრულირება, იქ სტაბილურობის მხარდასაჭერად.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ღრმად აშფოთებს ის, რომ EUMM-ის მონიტორებს მანდატის განხორციელებაში შეიარაღებული „აქტორები“ უშლიან ხელს.

ევროკავშირის წარმომადგენლები საკითხს 25 ოქტომბერს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ტექნიკური შეხვედრის ფარგლებში განიხილავენ.

წნელისი-ჩორჩანა-წაღვლის მიმართულებით ვითარება აგვისტოში გამწვავდა, როცა ჩორჩანის ტყეში საქართველოს საპოლიციო საგუშაგო ჩადგეს. საპასუხოდ საოკუპაციო ძალები ჩორჩანის მიმართულებით ტყეში, დაახლოებით, კილომეტრ-ნახევრით თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოვიდნენ და ორი ე.წ. საგუშაგო მოაწყვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG