Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდნენ


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტან გომელაური სამეგრელოში, ზუგდიდში ჩავიდნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან მასწავლებლებს, ექიმებს, მონაწილეობა მიიღეს ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობის საზეიმო გახსნაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი შენობის მშენებლობა შარშან, წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობდნენ, საჭირო ფინანსების არქონის გამო ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

„ზუგდიდელებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, დიდხანს შენდებოდა ეს შენობა. მახსოვს, რამხელა გამაღიზიანებელი იყო ეს დაუსრულებელი მშენებლობა ქალაქის ცენტრში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სახანძრო-სამაშველო შენობის გახსნაზე. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს არის ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილი და დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი ქვეყანაში. პრემიერი ამბობს, რომ დღეიდან აქ ყოველდღიურად იქნება 20 მეხანძრე-მაშველი. ასევე ქიმიური უსაფრთხოების ზედამხედველობის დანაყოფებიც.

„ეს იქნება ძალზე ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ ხანძარს პირველ რიგში და, რა თქმა უნდა, სრულფასოვნად შევასრულოთ ყველა ის სამაშველო სამსახური, რომელიც არის ამ ობიექტის მოვალეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობასაც ვულოცავ ამ დღეს, იმიტომ, რომ ეს ნაწილი ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის, ბოლო წლების განმავლობაში აქ ცოტა უყურადღებოდ იყო. ახლა ამ გამოწვევასაც ყველანი ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ზუგდიდში მდებარე ხუთსართულიანი შენობა 16 სახანძრო-სამაშველო მანქანაზეა გათვლილი და პირველი სახანძრო-სამაშველო შენობაა საქართველოში, რომელშიც ვერტმფრენების დასაჯდომი სივრცე არსებობს. შენობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველო, კოორდინაციის სამმართველო და ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული განყოფილებაა განთავსებული. ამასთან, შენობა სავარჯიშო სივრცეს, გარდერობს, საძინებელს, სამზარეულოს, საშხაპეებსა და სამედიცინო კაბინეტებს მოიცავს. მასში ასევე საოპერატორო ოთახი, ე.წ. ქოლ ცენტრიცაა განთავსებული.

XS
SM
MD
LG