Accessibility links

გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე: თუ მოხდა გადაცდომა, პროკურატურამ და სასამართლომ უნდა გვითხრას


შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ზუგდიდში ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროკურატურას მიაწოდა ყველა ინფორმაცია. მათ შორის ისიც, თუ რა ბრძანებები გაიცა, ვისი ნებართვით დაიწყო ეს ყველაფერი და ა.შ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თავად გადაწყვიტა თუ ბრძანება იყო გასროლაზე, მინისტრის თქმით, ღონისძიებაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თითოეული წევრი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას.

„მე თვითონ ვიყავი რიგითი სპეცრაზმელი და 8 წელი მომიწია მუშაობა. იქ მე ვწყვეტ, უკვე უნდა ვისროლო თუ არ უნდა ვისროლო. ამას არ ეკითხები, ბატონო მინისტრო, ცეცხლი გავხსნა თუ არ გავხსნა. იქ შენ ხარ მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ყველაფერი. პროკურატურა იძიებს საქმეს. თუ მოხდა გადაცდომა, პროკურატურამ და სასამართლომ უნდა გვითხრას, მე ვერ შევაფასებ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ოპერაციის დაწყებას წყვეტს მეთაური, სპეცდანიშნულების რაზმის და არა მინისტრი. კონკრეტულ სროლას წყვეტს ინდივიდუალური სპეცრაზმელი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში პრემიერ-მინისტ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფება. მათ მონაწილეობა მიიღეს საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი შენობის გახსნაში. იმართება ასევე შეხვედრები მასწავლებლებსა და ექიმებთან.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში, 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს. ორი კვირის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო, 10 იანვარს კი გარდაიცვალა.

სპეცრაზმის მიერ მაჩალიკაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ის ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა, რის გამოს ესროლეს. გარდაცვლილის ოჯახი ამ ბრალდებას უარყოფს. მშობლების თქმით, თემირლანის ოთახში ხელყუმბარა სამართალდამცავებმა მათი შვილის დაჭრის შემდეგ დადეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG