Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე იაკობი გადადგა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან


ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება მეუფე იაკობმა რამდენიმე წუთის წინ, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა.

„მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

საპატრიარქომ გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებაც, მეუფე იაკობის პირადი თხოვნის საფუძველზე, პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობიდან გათავისუფლების შესახებ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.

„გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო (მუჯირი) დავნიშნოთო. მე მაგათ ვუთხარი, ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-მეთქი“, - მეუფე იაკობის თქმით, ამ შინაარსის შეხვედრებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები სხვა მეუფეებთანაც მართავდნენ: - „მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. მაგათ ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია. ბიძინა ამბობს ხოლმე, ვინ არის მეუფე, არავინ არ არისო. მე სინოდის ავტორიტეტული წევრი ვარ. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპოსის სიტყვებს გიორგი გახარიამ სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავს შეხვედრას არ დასწრებია.

„ეს მეუფე ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო. სერიოზული კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს. თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

XS
SM
MD
LG