Accessibility links

site logo site logo

ზურაბიშვილი პარიზში დაესწრება მუცოს რეაბილიტაციის პროექტის დაჯილდოების ცერემონიალს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 29 ოქტომბერს პარიზში გაემგზავრება და კულტურული მემკვიდრეობის სამიტს დაესწრება, რომელზეც გამარჯვებული პროექტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტზე 27 გამარჯვებულს შორის ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტიც დასახელდება, რომელიც კომპეტენტური ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა და წლის საუკეთესო კონსერვაციის პროექტად დასახელდა.

სამიტის პროგრამის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, 28 ოქტომბერს, მუცოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პროექტი კონკურსზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა. როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, პროექტი 2014-2018 წლებში საქართველოს მთავრობისა და „ფონდი ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალში ოფიციალურ პირებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: „ფონდი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროექტის თანადამფინანსებელი ნიკოლოზ ჩხეტიანი; პროექტ „ქართული სახლის“ ავტორთა ჯგუფის წარმომადგენელი ნანა მეფარიშვილი, პროექტის შემსრულებელი კომპანია „არქიტექსის“ წარმომადგენელი შალვა მელიქიძე.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, ცნობილი გახდება 7 გრანპრის ლაურეატი და ნომინაცია „საზოგადოების რჩეულის“ გამარჯვებული, რომლის მოსაპოვებლად კანდიდატურებისთვის ევროპისა და მსოფლიოს მოქალაქეების მხარდაჭერაა საჭირო.

2019 წლის 21 მაისს ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ, შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების - ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. კონსერვაციის კატეგორიაში გაიმარჯვა ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა, რომელიც საკონკურსო ნომინანტად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG