Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ცენტრი: გაჩნდა სახელმწიფოს მხრიდან ხალხზე ძალადობის ახალი თარიღი


არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დღეს, 29 ოქტომბერს წარმოადგენს ანგარიშს, რომელშიც მიმოხილულია 20-21 ივნისის აქციის დაშლის ფორმალური საფუძვლები და სამართლებრივი შეფასება, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტები, აქციის მონაწილეთა დაკავება და სასამართლო პროცედურები. ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებსაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიმართ.

უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ, ძალადობრივი მმართველობის სტილს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის დაშლისას გამოყენებულმა არაპროპორციულმა და გადამეტებულმა საპოლიციო ძალამ სამართლიანად დატოვა აქციის მონაწილეთა დასჯის შთაბეჭდილება.

„სამწუხაროდ, საქართველოს უახლეს ისტორიაში 2007 წლის 7 ნოემბერთან და 2011 წლის 26 მაისთან ერთად გაჩნდა სახელმწიფოს მხრიდან ხალხზე ძალადობის აღმნიშვნელი ახალი თარიღი, 20-21 ივნისი“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტების პრევენციისთვის აუცილებელია განვითარებული მოვლენების სწორი და ზუსტი შეფასება და დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციის ძალით დაშლას წინ უძღოდა დემონსტრანტების ნაწილის მცდელობა, ძალით შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში.

სამართალდამცავების მიერ რეზინის ტყვიების და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

აქციის მსვლელობისას დააკავეს 300-მდე ადამიანი. ამჟამად სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს 19 პირის მიმართ. მათ შორის არიან პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG