Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა თადუმაძე: არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც ჩემი დიპლომის ნამდვილობას ადასტურებს


“ჩემმა წარმომადგენელმა, სხვებთან ერთად, მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ მე აღნიშნულ სასწავლებელში ვსწავლობდი, ჩემი დიპლომი არის ნამდვილი და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს”, -ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ “ბოდვებზე” დამატებითი კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.

“ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პოლიტიკურ ბოდვაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ”- აღნიშნა შალვა თადუმაძემ

გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს მიმართეს სახალხო დამცველის მოადგილეებმა (ორი სხვადასხვა წერილით), პარლამენტის წევრებმა: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ასევე სერგო რატიანმა და ირაკლი აბესაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (ოთხი სხვადასხვა წერილით) და თადუმაძის წარმომადგენელმა. ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკა ბაღიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

კითხვაზე რომელმა დაინტერესებულმა მხარეებმა გამოითხოვეს საქართველოს გენერალური პროკურორისა და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და რა კითხვები ჰქონდათ მათ ეკა ბაღიშვილმა უპასუხა:

„საკითხები ეხებოდა შალვა თადუმაძის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ასევე, იმ პერიოდში მოქმედ რეგულაციებს, სწავლების ფორმებს, ზოგადად, განათლების აღიარებას და გათანაბრებას და ა.შ. თითოეულმა მათგანმა ამ დასმულ კითხვებზე მიიღო ამომწურავი პასუხები ცენტრიდან, მათ შორის, მათი მოთხოვნის საფუძველზე გადაეცათ იმ დოკუმენტაციის ასლები, რაც ცენტრში ინახებოდა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ბაღიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის წინააღმდეგ დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. შალვა თადუმაძეს ისინი უმაღლესი განათლების დიპლომის გაყალბებას ედავებიან და სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

შალვა თადუმაძის დიპლომი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 9 ოქტომბრის სხდომაზე, სადაც დეპუტატების კითხვებს გენერალური პროკურორი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის რანგში პასუხობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG