Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრე ცაავა: „მზად ვარ დავამტკიცო ჩემი ბრალდება!“

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპიოლიტმა, პეტრე ცაავამ ტელეკომპანია „მთავარისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომა იყო პილატეს სასამართლო, სინოდის წევრები კი იქცეოდნენ სინედრიონივით.

პეტრე ცაავას თქმით, მან სცადა ბოლომდე წაეკითხა რუის-ურბნისის ადგილობრივი კრების მე-18 განწესება, რომელიც რჯულის კანონთან არის გათანაბრებული და სავალდებულოა ეკლესიის ყველა წევრისთვის, მაგრამ სინოდის წევრება არ მისცეს ბოლომდე წაკითხვის საშუალება.

„ღვთის გამამწარებული უბილწესი საძაგლობაა სოდომური ცოდვა და არ ვიცით, როგორ შეეთვისა ამ მოდგმას ანუ ქართველ ერს“, - რუის-ურბნისის ადგილობრივი კრების მე-18 განწესების ტექსტი პეტრე ცაავამ სრულად წაიკითხვა ტელეკომპანიის ეთერში, კომენტარის სახით კი განაცხადა:

„დიახ, შევეხე ამ თემას, პედარასტიის თემას, მაყურებელს ვთხოვ შენდობას, ახალგაზრდა ჭაბუკის გამხრწნელი - პედერასტი - ეს არის საეკლესიო ტერმინი, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ. სხვა როგორ უნდა ვთქვა სიმართლე, როცა ვგულისხმობდი ამ ტერმინის შინაარსს? თუ ვინმე ბრკოლდება, ვითხოვ შენდობას, მაგრამ საგანს დავარქვი თავისი სახელი. მხილება და სიმართლის თქმა, არ არის უხამსობა. თუ პატრიარქმა და სინოდმა მიიღეს თავის თავზე, გამოდის, ეს არის თვითლუსტრაცია. ძალიან მარტივი ლოგიკაა“.

პეტრე ცაავამ ასევე გააპროტესტა პატრიარქის განჩინება, რომლის ძალითაც ის მღვდელმთავრობიდან იქნა განყენებული. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს, რომ მზად არის ყველა ბრალდება დაამტკიცოს.

„რჯულის კანონის თანახმად, ორი ან სამი მოწმე, რომელიც არ არის მხილებული ცრუ ბრალდებაში, საკმარისია იმისთვის, რომ დამტკიცებულად ჩაითვალოს ბრალდება. ვუთხარი პატრიარქს, მომეცით კურთხევა, ხვალ 12 საათზე გავაგრძელოთ სინოდის სხდომა და მე მოვიყვან მოწმეებს, რომლებიც ჩემს ბრალდებას დაადასტურებენ. მე მზად ვარ ეს ბრალდება დავამტკიცო. პატრიარქისგან ვითხოვდი ყოფილიყო გარანტი რჯულის კანონის აღსრულებისა“, - განაცხადა პეტრე ცაავამ, რომელმაც ასევე ილაპარაკა ეკლესიაში კერპთაყვანისცემლობის საფრთხეზე:

„პატრიარქს ვუთხარი, რომ მისგან შექმნილია უპირობო კერპი, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჯერ მიყვარს უფალი იესო ქრისტე და მისი სიმართლე, მერე - სამშობლო და მერე თქვენ, როგორც მაღალი იერარქი, ღმერთზე და სამშობლოზე წინ ვერ დაგაყენებთ-მეთქი“.

XS
SM
MD
LG