Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის „სუვერენული ინტერNET“-ი: რა უნდა ვიცოდეთ


1 ნოემბრიდან რუსეთში ძალაში შევიდა სადავოდ ქცეული კანონი „რუსეთში მდგრადი ინტერნეტის შესახებ“. კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები კანონზე საუბრის დროს აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ საჭიროა „რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოების“ უზრუნველყოფა, „საფრთხეებისგან მათი დაცვა“ და „ინტერნეტის შეუფერხებელი მუშაობა“.

მაგრამ რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქმე სინამდვილეში შეეხება „სუვერენული ინტერნეტის“, ჩაკეტილი სისტემის შექმნას, რომელიც შეიძლება ბერკეტის ერთი გადატრიალებით გამორთო გარემომცველი საინფორმაციო სფეროდან, როგორც ეს მოხდა ჩინეთში.

რა შუაშია „როსკომნადზორი“?

ეს ხომ მათი გამოგონებულია, ისინი იქ სხედან, უყურებენ და კითხულობენ, რასაც თქვენ ამბობთ და აგროვებენ ამ ინფორმაციას, ისე ამას ვერ იზამენ.
ვლადიმირ პუტინი

„სუვერენული რუსული ინტერნეტის (რუნეტის)“ კანონი ინტერნეტპროვაიდერებს ავალდებულებს, გამოიყენონ „როსკომნადზორის“ მიერ უსასყიდლოდ შეთავაზებული მოწყობილობა, „ღრმა ინსპექტირების“ არცთუ ახალი ტექნოლოგია რომელიც „რუნეტის“ უსაფრთხო მუშაობისათვის ხელის შემშლელი საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში, უწყებას შესაძლებლობას მისცემს, უზრუნველყოს ქსელის ცენტრალიზებული მართვა.

თავად საფრთხეებს განსაზღვრავს რუსეთის ხელისუფლება. კანონი ავალდებულებს კავშირგაბმულობის ყველა ოპერატორს, დაამონტაჟონ თავიანთ ქსელებზე სპეციალური მოწყობილობა (Deep packet inspection (DPI), რომელიც ინტერნეტში, საფრთხეების „აღმოფხვრამდე“, გაფილტრავს ნაკადს („ტრაფიკს“) და შეზღუდავს რუსეთში აკრძალული რესურსებით სარგებლობას.

„ციფრული ეკონომიკის“ პროგრამის მონაცემთა თანახმად, სახელმწიფოს კანონით გათვალისწინებული ამ სამუშაოების უზრუნველყოფა 30 მილიარდ რუსულ რუბლზე მეტი (დაახლოებით, 470 მილიონი აშშ დოლარი) დაუჯდება, რომლიდანაც ნახევარი აღჭურვილობის შეძენაზე დაიხარჯება.

ამა წლის თებერვალში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განმარტა, რომ კანონპროექტი საჭიროა იმისათვის, რათა არ მოხდეს რუსეთის გამორთვა გლობალური ქსელიდან, რა შემთხვევაშიც, რუსეთის ლიდერის თქმით, ყველაზე მეტად დასავლეთის სპეცსამსახურები დაზარალდებიან:

„ეს ხომ მათი გამოგონებულია, ისინი იქ სხედან, უყურებენ და კითხულობენ, რასაც თქვენ ამბობთ და აგროვებენ ამ ინფორმაციას, ისე ამას ვერ იზამენ“, - თქვა პუტინმა და აღნიშნა, რომ „ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ გლობალური ქსელიდან გამორთვას რუსეთი თავისით არ აპირებს“.

დაუხვეწავი კანონმდებლობა

მობილურ ინტერნეტებს ჯერჯერობით დიდად არ ეხებიან
РБК.


„სუვერენული ინტერნეტის“ დეტალების მუშაობა დამოკიდებულია ნორმატიულ, კანონქვემდებარე აქტებზე, რომელთა ნაწილის არარსებობის გამო „სუვერენული ინტერნეტი“ კიდევ დიდხანს, 2021 წლამდე ვერ იარსებებს.

ინტერნეტის ექსპერტმა ფილიპ კულინმა, რომელიც თვალს ადევნებს „როსკომნადზორის“ საქმიანობას, გამოიანგარიშა, რომ ოქტომბრის დასაწყისისათვის სუვერენული საინტერნეტო სისტემის ასამოქმედებლად დაგეგმილი 28 ნორმატიული აქტიდან მიღებულია მხოლოდ ხუთი.

უცნობია ასევე, თუ რა გზით მიიღებენ ოპერატორები და პროვაიდერები მოწყობილობას, რაც საჭიროა ტრაფიკის ფილტრაციისთვის, უამბო ერთ-ერთი ასეთი კომპანიის ხელმძღვანელმა The Bell-ს.

კიდევ ერთი პრობლემა უკავშირდება ტრაფიკის ფილტრაციისათვის საჭირო მოწყობილობის სერტიფიცირებას.

როგორც 24 სექტემბერს განაცხადა „როსკომნადზორის“ თავმჯდომარემ, ალექსანდ ჟაროვმა, საფრთხის შემთხვევაში „რუნეტის“ იზოლირებისათვის საჭირო მოწყობილობის გატესტვა ოქტომბრის დასაწყიში უნდა დაწყებულიყო. მოწყობილობის დამონტაჟება, საინტერნეტო გამოცემა РБК-ს თანახმად, დაიწყო ურალის ფედერალურ ოლქში მდებარე კავშირგაბმულობის ქსელების ყველა მსხვილ ოპერატორებზე, რაც არ ეხებათ ინტერნეტის სახლში მომხმარებლებს. „მობილურ ინტერნეტებს ჯერჯერობით დიდად არ ეხებიან“, - უამბო ერთ-ერთმა წყარომ РБК-ს.

რაში სჭირდება რუსეთს „სუვერენული ინტერნეტი“

რუსეთი ჩინურ ვარიანტს იმეორებს უფრო რბილი ფორმით.

მსოფლიოში, დიდი ხანია, ცდილობენ, გადაწყვიტონ კიბერუსაფრთხოება ეროვნულ დონეზე. ამისათვის სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება ითხოვს, რომ შეიზღუდოს მძლავრი დაშიფვრა, რაც გამჭვირვალეს გახდის ტერორისტების კომუნიკაციას და, პოტენციურ საფრთხეთა თავიდან აცილების მიზნით, კონტროლს დაუქვემდებარებს შიდა და საგარეო კომუნიკაციას.

ჩინეთი პრაქტიკულად გამორიცხავს ძლიერ დაშიფვრას, მათ შორის მესენჯერის პოპულარულ ჩათში WeChat, რომელშიც ყველა მიმოწერა იკითხება. ასევე მკაცრად კონტროლდება შიდა კომუნიკაცია. ჩინური ინტერნეტის სეგმენტი გამოყოფილია გლობალური ქსელიდან და ცალკე არსებობს.

აშშ და ევროპა აწარმოებენ დისკუსიას იმაზე, თუ ერთდროულად როგორ უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვა და, ასევე, თავიდან აიცილონ კიბერტერორიზმი. საბოლოოდ, მიღწეულია გადამწყვეტი კომპრომისი: დაუშვებელია საინტერნეტო გვერდის სეგმენტის იზოლირება მსოფლიოსგან, ხოლო კომუნიკაცია ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შენარჩუნდეს.

მოსახლეობის საგარეო საფრთხისაგან დაცვა კი ეკისრება სახელმწიფოს, დაზვერვის გაძლიერებით.

ინტერნეტის გათიშვის პრაქტიკას მიმართავენ ყაზახეთი და ჩინეთი, ტრაფიკის ზოგიერთი სახეობა გამორთვას ექვემდებარება გარეგნული ფორმისა და არა შინაარსის გამო. ამასთან, ასეთი ქვეყნების კანონმდებლობაში არ არის მკაფიოდ გაწერილი წესები.

რუსეთი ჩინურ ვარიანტს იმეორებს უფრო რბილი ფორმით, თანაც, როგორც Telegram-ის და VPN-ის წინააღმდეგ ბრძოლამ აჩვენა, რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურას ან არ სურს, ან არ ძალუძს მასობრივ დონეზე აკონტროლოს ძლიერი დაშიფვრა. მაგალითად, Telegram-ი ხელმისაწვდომი რჩება მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში გუნდის აქტიური წინააღმდეგობის წყალობით. რამდენიმე გაუმჯობესებული ე.წ. პროქსი-სერვერის საშუალებით, Telegram-ი ცდილობს შენიღბოს მისთვის დამახასიათებელი ტრაფიკი ჩვეულებრივი დაცული სეგმენტით.

მაგრამ სერვის Downdetector-ის ანგარიშის თანახმად, „როსკომნადზორმა“ მართლა გამოსცადა Telegram-ის ბლოკირების სისტემა 12-13 სექტემბრის პერიოდში, ასევე 16 სექტემბრის ნაშუადღევამდე, რასაც მასობრივი გათიშვა არ მოჰყოლია.

მიუხედავად ამისა, ბლოკირების მცდელობა გრძელდება და იგი შეიძლება წამყვან სოციალურ ქსელებსაც შეეხოს.

კანონი „როსკომნადზორს“ დიდ უფლებებს აძლევს სერვერების დაბლოკვისა და განბლოკვისათვის. პირველ რიგში, ბლოკირება ემუქრება ტექნოლოგიებს, რომლებიც არ ასრულებენ რუსეთის სასამართლოების გადაწყვეტილებებს - როგორც ეს მოხდა LinkedIn-ის შემთხვევაში, რომელმაც უარი განაცხადა გადაეტანა რუსი მომხმარებლების პერსონალური მონაცემები რუსეთის ტერიტორიაზე.

  • „სუვერენული ინტრენეტის“ შესახებ კანონის ავტორები არიან რუსი სენატორები ანდრეი კირშასი და ლიუდმილა ბიკოვა, ასევე დუმის დეპუტატი - ანდრეი ლუგოვოი. კანონის მიზანია „რუსეთის ინტერნეტის სეგმენტის დაცვა საგარეო საფრთხისაგან“.
  • კანონის კრიტიკოსები შიშობენ, რომ ავტონომიური ქსელის არსებობა რუსეთში შესაძლებელს გახდის ინტერნეტის ტოტალურ ცენზურას. გაზაფხულზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქში „რუნეტის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებიც გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG