ლატვიამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ცნობილ რუს საესტრადო მომღერალ გრიგორი ლეპსს, რომელსაც რიგაში 2020 წლის თებერვალში კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი. როგორც ტვიტერში დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა, ამის მიზეზია რუსი მომღერლის საეჭვო კავშირები დანაშაულებრივ სამყაროსთან, რის გამოც ლეპსს მანამდე ლიეტუვამ აუკრძალა თავის ტერიტორიაზე შესვლა.
„სახელმწიფო უშიშროების ორგანოების შეფასების საფუძველზე და იმიგრაციის შესახებ კანონის თანახმად, მივიღე გადაწყვეტილება შევიყვანო გრიგორი ლეფსვერიძე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ლატვიის რესპუბლიკისათვის არასასურველი პირების სიაში“, - დაწერა რინკევიჩმა.
მაისში ლეპსს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ლიეტუვამ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დარიუს სკუსიავიჩიუსმა, სააგენტო BNS-ს აცნობა, რომ ეს ნაბიჯი ნაკარნახევი იყო აშშ-ის 2013 წლის გადაწყვეტილებით. ვაშინგტონმა მომღერალი სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა რუსულ დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირისათვის.
თავად ლეპსი დამნაშავეებთან კავშირს უარყოფს. 2013 წელს მან განაცხადა, რომ თავს კანონმორჩილ მოქალაქედ მიიჩნევს.
2018 წელს ჟურნალ Forbes-ის რუსულენოვანმა გამოცემამ პოპმუსიკოსი შეიყვანა რუსეთის შოუბიზნესის ვარსკვლავთა ოთხეულში. გამოცემის თანახმად, წარმატების მიღწევაში მომღერალს დაეხმარა რუს მილიარდერებთან, ისკანდერ მახმუდოვსა და ანდრეი ბოკარევთან მეგობრობა, რომლებიც ესპანეთის პროკურატურის მიერ ეჭვმიტანილი იყვნენ ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში.
2012 წელს გრიგორი ლეპსი მონაწილეობდა ვლადიმირ პუტინის წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც მისი ნდობით აღჭურვილი პირი.
ქართული წარმომავლობის რუსი მომღერალი 2014 წელს იმყოფებოდა საქართველოში, სადაც მისი კონცერტი სპორტის სასახლეში გაიმართა საპროტესტო აქციის ფონზე.