Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე პეტრე: პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს


სინოდის მიერ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისგან გათავისუფლებულმა მეუფე პეტრემ ჭორი უწოდა შეკითხვას ბერძნულ ეკლესიაში მღვდელმსახურების შესაძლო გაგრძელებასთან დაკავშირებით.

„ეს მორიგი ჭორია და დავხუროთ, დავსვათ წერტილი. ჭორებზე აღარ გავცეთ პასუხი“, - ასე უპასუხა მეუფე პეტრემ შეკითხვას.

მისი სიტყვებით, ის საქართველოში აპირებს სულიერი ცხოვრების გაგრძელებას.

„სულიერი ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებ სულის საცხონებლად, დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისათვის, არსებული პრობლემების მოგვარების პროცესის დასაწყებად. სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარების სწავლებისა და წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო რჯულის კანონის ფარგლებში. უსამართლობას და უწმინდურობას არ დავემორჩილები“, - განაცხადა მან.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მის მიმართ უსამართლო სასჯელების გამოყენება უკვე დაწყებულია და სერიები გაგრძელდება, თუმცა ის ნებისმიერი გაგრძელებისთვის მზადაა. მისი სიტყვებით, წერილი გაუგზავნა პატრიარქს, სადაც წერს, რომ სინოდის გადაწყვეტილებას კანონიკურად სამარცხვინოდ მიიჩნევს.

„პატრიარქის წინაშე მე მოსანანიებელი არაფერი მაქვს, მე ან უნდა დავისაჯო ცილისწამებისათვის, ან უნდა დამტკიცდეს ჩემი ბრალდება კანონიკური სამართლის მიხედვით“, - აცხადებს მეუფე პეტრე.

კითხვაზე, სად აპირებს წასვლას კონკრეტულად, მეუფე პეტრე პასუხობს, რომ მისთვის სასურველი იქნება სადმე დამოუკიდებელი სივრცის მიჩენა.

„თუ დამოუკიდებლად მომცემენ სივრცეს, სადაც დამოუკიდებლად შემიძლია ვიყო, ვიარსებო, ვილოცო და ვიკვებო, შემიძლია დავთანხმდე საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ დანგრეულ მონასტერს, თუ განმაწესებენ, ვიქნები, სადაც მექნება დამოუკიდებლად არსებობის საშუალება“, - აცხადებს მეუფე პეტრე.

მისი სიტყვებით, შიომღვიმის მონასტერი, სადაც ბრძანებულებით განაწესეს, ექვემდებარება საპატრიარქოს და მისი იქ ყოფნა მინიმუმ უხერხულობას შეუქმნის ის მყოფ ბერებს, ვინაიდან საჯარო ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.

„მე არ ვაპირებ საჯაროობის დათმობას, იმიტომ, რომ ერთადერთი ბრძოლის იარაღი ეს სივრცე დამრჩა“, - განაცხადა მეუფე პეტრემ მარტვილის ეპარქიის დატოვებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

31 ოქტომბერს მეუფე პეტრემ სინოდის სხდომა დასრულებამდე დატოვა და განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მან გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად მის მიერ ეკლესიაში „მამათმავლობის მხილება“ დაასახელა.

სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გაათავისუფლა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისგან, აუკრძალა მღვდელმსახურება და მონასტერში გაამწესა სინანულისთვის, სინოდის გადაწყვეტილებითვე, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია). ამავე განჩინებით ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). რუსთავის ეპარქია თბილისისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას შეუერთდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG