Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სსფ-ს მისია საქართველოსთვის ფინანსური დახმარების პროგრამის გაგრძელებას ემხრობა


საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულების და ამავე პროგრამის ერთი წლით გაგრძელების შესახებ.

ეს შეთანხმება ფონდის ხელმძღვანელობამ და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უნდა დაამტკიცონ. საკითხის განხილვა დეკემბერში იგეგმება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მერსედეს ვერა მარტინესის ხელმძღვანელობით, საქართველოში 23 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით იმუშავა.

მისიის შეფასებით, ქვეყნის გარეთ ვითარების გაუარესების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მედეგია და 2019-2020 წლებში ეკონომიკის მდგრადი ზრდაა მოსალოდნელი.

გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის გაგრძელება ეფუძნება ხელისუფლების პირობას, განაგრძოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება და მაღალ და მეტად ინკლუზიურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმების გატარება.

მერსედეს ვერა მარტინესის განცხადებით, მეხუთე მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარი. მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების პროგრამის მიმდინარეობა 2019 წლის პირველ ნახევარში დამაკმაყოფილებელია და შესრულებულია მეხუთე მიმოხილვის დასასრულებლად საჭირო პირობების უმრავლესობა.

„საქართველოს ეკონომიკა მდგრადია გარეშე შოკების მიმართ. 2019 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე (მშპ-ს 4.6 პროცენტი) შემცირდა. კორპორატიულმა სესხებმა და ლარის იპოთეკებმა ხელი შეუწყო დაკრედიტების ზრდის შენარჩუნებას. ლარის გაუფასურებამ გაზარდა წლიური ინფლაცია 6.9 პროცენტამდე ოქტომბრის მდგომარეობით“, - განაცხადა მერსედეს ვერ მარტინესმა. მისი თქმით, მოელიან, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.6 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2020 წელს - 4.3 პროცენტით. ინფლაცია სამიზნე 3-პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება, როცა ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ფასებზე მიილევა და მონეტარული პოლიტიკა საჭიროებისამებრ გატარდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებითვე, ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედებს უარყოფითი რისკები, რომელიც, ძირითადად, საგარეო ვითარებითაა გამოწვეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG