ქალაქ წყალტუბოში არსებული შენობებისა და სივრცეების ფართომასშტაბიან გასხვისებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზებული ფორმით, 4 არასამთავრობო ორგანიზაცია დაუშვებლად მიიჩნევს.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო“, „მწვანე ალტერნატივა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევენ, რომ წყალტუბოს, აბასთუმნისა და სხვა ეროვნული მნიშვნელობის საჯარო რესურსების ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემის გახშირებული შემთხვევები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და აღნიშნულ რესურსებზე მონოპოლიზების მცდელობის საფუძვლიან ეჭვს ბადებს.
4 არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წყალტუბოს რესურსების პრივატიზებას წინ უნდა უძღოდეს ისეთი სავალდებულო სამუშაოები, როგორებიცაა სტრატეგიული გეგმის შექმნა, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, კონკრეტული სივრცეებისა და რესურსების პრივატიზების შესაძლებლობის შეფასება და ისტორიული შენობებისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის განსაზღვრა.
არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტულად გაწერენ სახელმწიფოს მიერ წყალტუბოს სასტუმროებისა და აბანოების პრივატიზებისთვის საჭირო ნაბიჯებს და მოითხოვენ:
- მთავრობამ შეიმუშაოს წყალტუბოს სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც დაეფუძნება მეცნიერულ კვლევასა და დემოკრატიული ჩართულობის პრინციპს და თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების ზოგად პოლიტიკასთან;
- სტრატეგიული განვითარების გეგმას ჩაუტარდეს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით; გეგმის შედგენისა და შეფასების პროცესში გათვალისწინებული იქნას წყალტუბოში არსებული სასტუმროების ამჟამინდელ მესაკუთრეთა ინტერესები;
- მხოლოდ ამგვარი გეგმის ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის დამტკიცების შემთხვევაში შეფასდეს წყალტუბოს კონკრეტული სივრცეებისა და რესურსების პრივატიზების შესაძლებლობა; შეფასების პროცესში კი გათვალისწინებული იქნას ამ სივრცეებისა და რესურსების სარეკრეაციო და სამკურნალო ფუნქციის შენარჩუნების, საზოგადოებისთვის მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გონივრული პერიოდის შემდეგ მათი სახელმწიფოსთვის დაბრუნების აუცილებლობა;
- მიენიჭოს წყალტუბოში არსებულ ისტორიულ შენობებს კულტურული ძეგლის სტატუსი;
- ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, შეჩერდეს წყალტუბოში არსებული საჯარო რესურსების გასხვისების დაანონსებული პროცესი.
ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში ყველა სასტუმროსა და ბალნეოლოგიური აბანოს გამოსყიდვას აპირებს - ამ გადაწყვეტილების შესახებ მან სპეციალური განცხადება 29 ოქტომბერს გაავრცელა.