Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ბათუმის კონფერენციაზე ისაუბრა ეკლესიაზე თავდასხმასა და კიბერშეტევაზე


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების გამოწვევები იზრდება როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

6 ნოემბერს, ბათუმში, საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო არც ისე შორს არის რეგიონის ეგრეთ წოდებული კრიზისული თაღისგან, სადაც ომი, ტერორიზმი, შიდა პოლიტიკური არეულობა, ან მიგრაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველომ შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების დაცვა არასასურველი ეფექტებისგან, თუმცა, ეს ძალისხმევა გასაორმაგებელია პარტნიორებთან ინფორმაციის აქტიური გაცვლით, მეტი გამჭვირვალობით და საზღვრებზე გადაადგილების მეტი კონტორლით.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა კიბერუსაფრთხოების გამოწვევებსა და საქართველოში გასულ კვირაში განხორციელებულ მასშტაბურ კიბერშეტევაზე და თქვა, რომ საქართველო ახალი რესურსების მობილიზაციას აკეთებს და მზად არის უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა საფრთხეებს გაუმკლავდეს და სისტემების უკეთ დასაცავად მოეზადოს.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოებას. ზურაბიშვილის თქმით, შავი ზღვა საქართველოსთვის არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების საშუალებაა, არამედ აკისრია ჰაბის როლი ევროპასა და აზიას შორის და საქართველოს ევროკავშირის პარტნიორებთან აკავშირებს: „ეს კი ნიშნავს, რომ შავი ზღვით და მის გარშემო ეკონომიკურ თანამშრომლობას თან უნდა ერთვოდეს უსაფრთხოების გაცნობიერება და სტრატეგიული და თავდაცვითი თანამშრომლობა, რათა ავიცილოთ ყველანაირი ინციდენტი ან ესკალაცია, როგორიც აზოვის ზღვაში ვნახეთ. ბათუმის და ფოთის პორტებში ნატოს გემების შემოსვლა მყარი მხარდაჭერის მაჩვენებელია. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას შავ ზღვაში“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებითვე, სტაბილურობს გამოწვევები არა მარტო სამხედრო ხასიათისაა, რადგან საზოგადოების ფუნდამენტებს ემუქრება დეზინფორმაციაც, ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია: „ასეთი იყო ბოლო დღეების თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა და უნარი ასეთ მანიპულაციებს არ დაექვემდებაროს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG