Accessibility links

logo-print logo-print

სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: მიკვირს, რატომაა ინტერესი ერთ ადამიანზე


„ცოტა არ იყოს, მიკვირს, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე. ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება, რა იქნება ამ კუთხით, ახალგაზრდები, და მე მგონი, რომ არ არის სამართლიანი, რომ მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაკავებული“, - უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას.

მისი სიტყვებით, დეკანოზ მამალაძის შესაძლო შეწყალების შესახებ დასმულ შეკითხვას მეხუთედ პასუხობს და მისი პოზიცია უცვლელია.

„მეხუთედ გპასუხობთ იგივე ტელევიზიებს და ამ მგონია შეცვლილიყო ამ დროს. და გპასუხობთ, რომ მამალაძეს რაც ეხება და შეწყალებას რაც ეხება, მე გამოვედი ინიციატივით, რომ კონსულტაციები ჩატარებულიყო, ჩატარდა კონსულტაციები. გითხარით, რომ ვამზადებ ახალ ბრძანებულებას, რომელიც ახლო მომავალში გამოვა ახალი წესებით. მე მგონი, გასაგებია ისიც, რომ სანამ წესები არ არის, რომელიმე შეწყალებაზე ფიქრი და განხილვა რთულია. ამიტომ უნდა დაველოდოთ წესებს, ბრძანებულებას, რომელიც, როგორც კი გამოვა, ხელს მოვაწერ, თქვენც გაეცნობით და შევუდგები იმ საკითხს, რასაც ჰქვია შეწყალება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, როდის იქნება შეწყალების ახალი წესები ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: „როცა იქნება, გეტყვით და გაეცნობით“.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკანოზ მამალაძის ოჯახთან კონსულტაცია შეწყალების თაობაზე, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტს შეკითხვა გაამეორებინა და შემდეგ უპასუხა.

„როგორ? გაიმეორეთ შეკითხვა. რა კითხავს მისვამთ, კონსულტაციები ოჯახთან? რამდენიმე ასეული მომართვა არის პრეზიდენტთან შემოსული და ეს არ არის გამონაკლისი არანაირად“.

რაც შეეხება შეწყალების პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ მორატორიუმს და მის გაუქმებას, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს.

„ჯერ უნდა ვიმუშაოთ და დავასრულოთ ის ახალი წესები, უნდა გამოვცე ის ახალი ბრძანებულება, შემდეგ უნდა დავიწყო შესწავლა, არ არსებებს მხოლოდ ერთი მამალაძე ამ ქვეყანაში და სამწუხაროა, რომ თქვენ ერთ კითხვაზე მეტი არ შეგიძლიათ დასვათ, ძალიან ბევრი ხალხი ელოდება გადაწყვეტილებას“, - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ბევრს უჭირს გაიგოს სიტყვების მნიშვნელობა, მორატორიუმი არის დროებითი შეჩერება და ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება პრეზიდენტს ჰქონდა.

„ამ შეჩერებას მე შევაჩერებ, როგორც კი მე ვიქნები მზად. როცა მექნება შესწავლილი ყველა ის საქმე, რომელიც საჭიროა და იმ აჟიოტაჟის ფონზე, რაც ატყდა წინა შეწყალებაზე, ალბათ, გამიგებთ, რომ მე მინდა დრო, რომ ვიფიქრო, დავფიქრდე და არანაირი შეცდომა არ დავუშვა, რომელიც საზოგადოებისთვის გაუგებარი გახდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით საპატრიარქომ მიმართა.

31 ოქტომბერს სინოდმა განაჩინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით.

2017 წლის სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ მამალაძე მკვლელობას ანგარებით ამზადებდა. 2018 წლის თებერვალში, საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. მისი გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეებმა.

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად სდებს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებაში მომწამლავი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG