Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო ლევან აკინის ფილმის ჩვენების წინააღმდეგია


საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით. განცხადების თანახმად, ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას. საპატრიარქოს სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი შეურიგებელი პოზიცია აქვს და ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიაჩნია ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენება.

საპატრიარქოს განცხადების თანახმად, შემთხვევითი არ არის, რომ ფილმის ჩვენება 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის შემდეგ დაიგეგმა, ამას საპატრიარქოში უკავშირებენ ეკლესიის ავტორიტეტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.

„დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც. ბოროტი ცდილობს, შეურაცხყოს და ეჭვქვეშ დააყენოს ყოველივე ღირებული, ხალხს იდენტობა დააკარგვინოს და იმედი ჩაუკლას, თანაც ამას სიმართლისა და სიკეთის სახელი დაარქვას.

გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი, მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და ტრადიციული ღირებებულებისადმი და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.

შემთხვევითი არ არის, რომ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე ახლა ლევან აკინის ქართულ-შვედური სოდომური ფილმის, – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება დაიგეგმა ბათუმში და თბილისის სამ კინოთეატრში. როგორც ვიცით, აქ ნაჩვენებია ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრება, რომელიც რადიკალურად იცვლება მამათმავალ მეტოქესთან დაკავშირების შემდეგ და სცენა ამ ფონზე ვითარდება.

ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ, ეს სიუჟეტი სუხიშვილების ანსამბლთან დაეკავშირებინათ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს. შეგახსენებთ ქალბატონ ნინოს ნათქვამს: „მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი, – მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებშია გამოვლენილი. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი,.. რადგან ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ - კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა“.

ამ პოზიციის გამო ანსამბლის ხელმძღვანელებზე დაიწყო საერთაშორისო მასშტაბის შეტევა და ზეწოლა, რაც მეტად სამწუხაროა; სამაგიეროდ ჩვენი ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ ფილმს კანის ფესტივალზე VII ადგილი მიანიჭეს, ხოლო მსახიობი ლევან გელბახიანი ამერიკული ჟურნალ “W” -ს მიერ ამ ფესტივალის 15 კინოვარსკვლავთა შორის დასახელდა.

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, პირველ რიგში, გაკეთდა იმისთვის, რომ შეცვალონ ჩვენი ხალხის ცნობიერება, დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე, მითუმეტეს, სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი. ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება.

ამასთან დავძენთ, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრივ, ვემიჯნებით ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ლევან აკინის ფილმის ქართველი პროდიუსერი, ქეთი დანელია ამბობს, რომ საქართველოს ფილმის ჩვენების თარიღი (8,9,10 ნოემბერი ) მაისში შეთანხმდა. მაშინ მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ ფილმს შვედეთი ოსკარზე წარადგენდა და გადამღებ ჯგუფსა და მსახიობებს ამ დროს წინასაოსკარე კამპანიის ფარგლებში ლოს-ანჯელესში მიიწვევდნენ. რეჟისორი, პროდიუსერები და მთავარი როლების შემსრულებლები ამერიკაში რამდენიმე კვირით მიდიან, ჩვენებებსა და მიღებებში მონაწილეობის მისაღებად.

წინასაოსკარე კამპანიის ფარგლებში ფილმის პრემიერა ესპანეთში დღეს შედგება, საფრანგეთში კი ფილმს 8 ნოემბერს უჩვენებენ.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) დაგეგმილი კინოჩვენების ჩაშლით იმუქრება.

„ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ 4 ნოემბერს, უკვე მეორედ და სპეციალურად ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე, თქვა, რომ არ დაუშვებს ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის, „And then we danced“ ჩვენებას საქართველოს კინოთეატრებში.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი კი, აანონსებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს.

ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება. პირველ ჩვენებამდე 4 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია. ბილეთების ზუსტი რაოდენობა არ კონკრეტდება - საუბარია რამდენიმე ათას მაყურებელზე თბილისსა და ბათუმში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG