Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ქართული მხრიდან სროლა დააფიქსირეს


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ქართული მხრიდან ტექნიკის გადასროლისა და შსს-ს პირადი შემადგენლობის როტაციის შესახებ იტყობინება, ინფორმაციას სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს. უწყება ქართული მხრიდან სროლის შესახებაც წერს.

„5 ნოემბერს დაახლოებით 18:00 საათზე ხაშურის რაიონის დასახლებული პუნქტის ყობის მხრიდან, სადაც ქართული პოლიციის დამატებითი ძალებია განლაგებული, სამხეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით დაუდგენელმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-15 გასროლა განხორციელეს. არ არის მსხვერპლი და დაზიანებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურა“, - იტყობინება დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური.

რადიო თავისუფლება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობში მცხოვრებ გენადი ბოსიკოვს დაუკავშირდა. მისი თქმით, ყოველდღე სახლშია და სახლიდანაც კარგად ჩანს ის ორი საგუშაგო, რომლებიც საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანის ტყეში განათავსეს.

„დღეში ოთხჯერ მაინც გარშემო ვუვლი ჩემს კარმიდამოს, სროლა რომ ყოფილიყო, პირველი მე გავიგებდი. უბრალო ფიჩხის გატკაცუნების ხმაც კი არ გამიგია და ვერ ვხვდები, ვის რაში აწყობს ამ დეზინფორმაციის გავრცელება? არანაირი სროლა არ ყოფილა“, - აცხადებს გენადი ბოსიკოვი, რომელიც მეუღლესთან ერთად ყობში ცხოვრობს და ეს ამ სოფლის ერთადერთი ოჯახია.

რადიო თავისუფლებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება. ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - უპასუხეს რადიო თავისუფლებას სუს-ში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG