საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ნატო განიცდის „ტვინის კვდომას“, რის გამოც „ევროპამ აუცილებლად უნდა დაიწყოს ფიქრი საკუთარ თავზე, როგორც დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ ძალაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ გააკონტროლებს საკუთარ თავს“, - აღნიშნა მაკრონმა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში.
მაკრონი ამტკიცებს, რომ ასეთ „გეოპოლიტიკურ ძალად“ ჩამოყალიბება ევროპას შეუძლია, თუ „დაჩქარდება ევროპის თავდაცვის განვითარება.“
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ნატოს არაეფექტურობაზე მეტყველებს აშშ-სა და ევროპას შორის კოორდინაციის არარსებობა და ნატოს ერთ-ერთი წამყვანი წევრის, თურქეთის აგრესიული ქმედებები სირიაში.
ემანუელ მაკრონის ამ კომენტარებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნატოში.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ნატო არის ძლიერი“, ხოლო აშშ-სა და ევროპას შორის „ბოლო ათწლეულების დროს არასოდეს არ ყოფილა ისეთი მჭიდრო კოორდინაცია, როგორც ახლაა.“
საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებას ნატოს „ტვინის კვდომის“ შესახებ არ იზიარებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც საფრანგეთის ლიდერის განცხადებას უწოდა ფუჭი და დასძინა, რომ პრობლემების არსებობის შემთხვევაშიც „საჭიროა ერთად დგომა“ და არა „მსგავსი მკვეთრი შეფასებების“ გაკეთება.