Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრო ბრეგაძე: არ ვაპირებთ კინოთეატრ „ამირანში“ შეჭრას


„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე და მისი მხარდამჭერები ფილარმონიასთან არიან შეკრებილი. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ისინი მშვიდობიანი გზით ჩაშლიან კინოჩვენებას, თუმცა რა ფორმით, არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ საზოგადოება ამას 1 საათში ნახავს.

„რა იქნება, თქვენი თვალით იხილავთ ცოტა ხანში, როცა პრემიერის დრო მოახლოვდება. ვაპირებთ მშვიდობიანად ჩავშალოთ ჩვენება. ძალის გამოყენება უნდა ჩვენს მტერს. ჩვენ ამის ფუფუნებას არ მივცემთ არავის, რომ რამე განახორციელოს.

მე პირადად არ ვაპირებ კინოთეატრ „ამირანში“ შეჭრას. ვაპირებთ, რომ ეს ჩვენება მშვიდობიანად ჩავშალოთ“, - აცხადებს „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე.

მისი სიტყევბით, კინოჩვენებაზე მიმავალ ადამიანებთან არანაირი საერთო და პრეტენზია არ აქვს.

„პრეტენზია გვაქვს კინოთეატრების ხელმძღვანელებთან და იმ ადამიანებთან, ვინც დააფინანსეს ეს გარყვნილება“, - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

კინოთეატრ „ამირანთან“ და მის გარშემო პერიმეტრზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ულტრანაციონალისტური ჯგუფის და მათი მხარდამჭერებისას.

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებს სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

შსს-ში აცხადებენ, უწყება უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოების და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

XS
SM
MD
LG