Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ვასაძე: მოვალთ 9 ნოემბერს და იგივეს ვიზამთ


ჰომოფობიური განწყობებით გამორჩეულმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კინოთეატრ „ამირანთან“ ისაუბრა 9 ნოემბრის გეგმების შესახებ.

„მოვალთ და იგივეს ვიზამთ. ვეცდებით შესვლას კინოდარბაზში, ამ სეანსის ჩაშლას და დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ხალხი მოვა“, - თქვა ვასაძემ ლევან აკინის ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მეორე სეანსის დასრულების შემდეგ.

როგორც ვასაძე ამბობს, შეკრებას შედარებით გვიან შეუერთდება.

„იმიტომ კი არა, რომ მეზარება, არამედ, როცა მოვდივარ, იწყება ჟურნალისტების ერთი ვაი-უშველებელი. რაღაც დრო ვიქნებით ერთად, მერე მე ისევ გავაკეთებ განცხადებას და გადმოვალ აქეთ [კინოთეატრ „ამირანთან“] პროტესტისთვის“, - ამბობს ვასაძე.

რადიკალურმა ჯგუფებმა 8 ნოემბერს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ქართული პრემიერის ჩაშლა სცადეს.

მოვლენების ეპიცენტრი კინოთეატრი „ამირანი" იყო. შეკრების მონაწილეთა მოქმედებების გამო დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ მაყურებლებს, რომლებსაც ბილეთები ნაყიდი ჰქონდათ პირველი ჩვენებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კინოთეატრ „ამირანთან“ 11 პირი დააკავეს. ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG