Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია მადლობას უხდის აღმოსავლეთ ევროპას ბერლინის კედლის დაცემის 30-ე წლისთავზე


გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მადლობა გადაუხადა ბერლინში ჩასულ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ერთად აღნიშნავენ ბერლინის კედლის დაცემის 30-ე წლისთავს.

1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დაცემას ერთ წელიწადში მოჰყვა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანება.

„მეგობრებთან ერთად, ჩვენ დიდი პატივით ვიხსენებთ 30 წლის წინანდელ მოვლენებს“, - განაცხადა შტაინმაიერმა ბერლინის კედლის მემორიალთან, სადაც იმყოფებოდნენ ასევე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აღმოსავლეთ ევროპის 4 ქვეყნის: პოლონეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ლიდერები.

1989 წლის აგვისტოში, უნგრელმა მესაზღვრეებმა პირველად მისცეს თავისუფლად გადასვლის საშუალება აღმოსავლეთ გერმანიის მცხოვრებლებს, რამაც 3 თვის შემდეგ გზა გაუხსნა ბერლინის კედლის დაცემას და „რკინის ფარდისგან“ აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლებას.

9 ნოემბერს შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ გერმანია და ევროპა ახალი გამოწვევების წინაშე არიან.

„კამათის და ეჭვის საგანი გახდა ლიბერალური დემოკრატიის არსებობა“, - განაცხადა შტაინმაიერმა და დასძინა, რომ ბერლინი და მისი ევროპელი მოკავშირეები უნდა დაირაზმონ „მშვიდობიანი და ერთიანი ევროპისათვის“ ბრძოლაში.

მისი გამოსვლის პათოსი გაიზიარა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელმაც თავის მოკლე სიტყვაში აღნიშნა, რომ „ყოველთვის სჭირდება დაცვა“ იმ ფასეულობებს, რასაც ევროპა ეფუძნება - თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს.

XS
SM
MD
LG