Accessibility links

site logo site logo

მთავრობამ წყალტუბოს განვითარებაში სახელმწიფოს მონაწილეობის გეგმა წარმოადგინა


ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის მინისტრები ნათია თურნავა და მაია ცქიტიშვილი

საქართველოს მთავრობის წევრებმა წარმოადგინეს გეგმა, თუ რას იღებს სახელმწიფო თავის თავზე კურორტ წყალტუბოს რებილიტაციის პროცესში.

დღეს, 11 ნოემბერს, თბილისში გამართულ პრეზენტაციაზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა ექვს პუნქტად ჩამოყალიბდა:

კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის მომზადება;

კურორტის ინფრასტრუქტურული განვითარება;

წყალტუბოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ყოფილ სანატორიუმსა თუ შენობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება;

კურორტის ერთიანი ადმინისტრირება და მართვა;

მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადება და განხორციელება;

კურორტის მთავარი სიმდიდრის - სამკურნალო წყლის კერძო სექტორისთვის მიწოდების ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და მართვა;

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ის საკითხი, რომ წყალტუბო უნდა განვითარდეს არა როგორც ცალკეული ქაოტური ინიციატივები, არამედ როგორც ერთიანი, გეგმაზომიერი კომპლექსი, სადაც თითოეულ ინვესტორს ეცოდინება დანამდვილებით, თუ რა ვადებში, რა ფორმით, რა სახით ვითარდება მთლიანად ეს საკურორტო მიზიდულობის ცენტრი, რაც ჩვენთვისაც უფრო მარტივს და გასაგებს ხდის კურორტის მართვის და განვითარების პროცესს და კერძო სექტორისთვისაც ამცირებს ინვესტირების რისკებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, წყალტუბოს ერთ-ერთ ყოფილ სანატორიუმსა და სხვადასხვა შენობაში ჯერ კიდევ რჩება 477 დევნილი ოჯახი.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის წყალტუბოში სახლები შენდება და ორ წელიწადში დასრულდება. „2021 წელს გვექნება შესაძლებლობა, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ეტაპზე არიან სასტუმროებში განთავსებული, შევთავაზოთ საცხოვრებელი სახლები, რომ ეს პრობლემა არ დავუტოვოთ ბიზნესს და იყოს სახელმწიფოს ტვირთი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე წყალტუბოში სრულდება კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, თუმცა, ჯერ კიდევ გასაკეთებელია მთლიანად კურორტის საკანალიზაციო ქსელი. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა პერიოდში დაახლოებით 40 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის, თუმცა სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან გამოისყიდის წყალტუბოს ყველა ობიექტს და პირადი სახსრებით დაიწყებს ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას და კურორტის განვითარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG